გვესო

გვესო, სოფელი ცაგერის მუნიციპ-ში (ქვედა ცაგერის სოფლის თემი), ცაგერის ქვაბულში, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 730 მ, ცაგერიდან 1,5 კმ. 135 მცხ. (2014).

სოფლის განაპირას, კლდოვან ხელოვნურად მოსწორებულ პლატოზე, შემორჩენილია გ-ს ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ძლიერ დაზიანებულია. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რ-ის ჩრდ. ნაწილში კარიბჭისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთია, სამხრ-ით, ხეობისკენ, კოშკია, ხოლო შუაში – ნანგრევებად ქცეული ტაძარი. ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკა|სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა იყო. შუა, მთავარი ეკლესიის ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი ღრმაა და ფართო. გვერდის ეკლესიები აღმ-ით დასრულებულია ასევე ნახევარწრიული აფსიდებით. სამივე აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. გადახურული იყო კამარით; ინტერიერს ალბათ მოხატულობაც ამკობდა. კედლის წყობის ხასიათით, გეგმითა და აფსიდების მოხაზულობით ძეგლი IX–X სს-ით თარიღდება. გალავნის გარეთ აღმართული, გეგმით კვადრ. კოშკი ნაგებია საშ. სიდიდის რუხი ფერის ქვით, კუთხეებში სიმაგრისათვის ქვის მსხვილი ბლოკებია დატანებული. იგი უფრო ძვ. ნაგებობის ადგილზე დგას. სოფლის დას-ით, კონცხზე, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში, ძვ. ციხის ნაშთია. სოფელში კიდევ ერთი სიმაგრეც არის, ზემოთ აღნიშნულ ციხეთა გზასაყარზე. მას „სოსილეთის ციხეს“ ეძახიან; აქ გამოედინება ყინულივით ცივი წყალი, რ-ზედაც ოთხკუთხა კოშკია (6X5,5 მ) დაშენებული, მის შიგნით ჭაა მოწყობილი. გარს ერტყა ბურჯებით გამაგრებული გალავანი, რ-ის დიდი ნაწილი განადგურებულია, მონგრეულია აგრეთვე კოშკის ზედა სართულები და სამხრ. კედელი. ეს სიმაგრე შედარებით გვიანდელი ჩანს. ხალხური გადმოცემით, იგი „თათრებისაგან“ დასაცავად აუშენებიათ ჩარკვიანებს. გ-ში 1988 აღმოჩნდა ბრინჯაოს განძი (კოლხური ცული და სხვ.), დაცულია ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.