გვიმი

გვიმი, 1. ჭის თავზე დადგმული ზღუდე ან „ჯურღმულის თორნე წყალთათჳს“ (საბა). ფართოდ არის გავრცელებული დას. საქართვ. დაბლობ ადგილებში. ჭის გ. სხვადასხვა მასალისაგან მზადდება. თიხის გ. ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ ძირგაგანიერებული და გეომ. ორნამენტით ან ანთროპომორფული სახეებით შემკული. ქვის გ-ს ან მთლიანი ქვიდან თლიან (იგი ცილინდრული მოყვანილობისაა), ან რიყის ქვით აშენებენ (მომრგვალო ანდა ოთხკუთხედია); ხის გ. ფორმით ოთხკუთხაა. გვხვდება ცემენტის გ-ებიც. ჭაში ჩადგმული გ. ცილინდრულია, მომეტებულად თიხისაა, იშვიათად თლილი ქვისა. იყენებენ ნესტიან ადგილებში. მისი მთავარი დანიშნულებაა ჭის კედლების გამაგრება (ჰიდროიზოლაცია). არსებობს წყაროს გ-ც (უმთავრესად სამეგრელოშია გავრცელებული). იგი მცირე ზომისაა, ცილინდრული, როგორც წესი, თიხისა; წყაროს თვალში სანახევროდაა ჩამჯდარი და წყლის გამოსასვლელად მილი ან ნახვრეტები აქვს გაკეთებული. 2. საკვამლე მილის ის ნაწილი, რ-იც სახურავის ზევითაა.

რ. თოდუა