გვიმრები

გვიმრები (Pteropsida), უმაღლეს სპოროვან მცენარეთა ტიპი, აერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხისებრ ფორმებს; ნორჩი ფოთლები ლოკოკინასავით არის დახვეული. ფოთლის ქვედა მხარეზე ვითარდება სპორანგიუმის ჯგუფები – სორუსები, რ-ებიც ხშირად დაფარულია საბურველით (იდნუზიუმი). სპორანგიუმში ვითარდება სპორები, რ-თა გაღივების შედეგად ვითარდება წინაზრდილი – ჰაპლოიდური სქესიანი თაობა – გამეტოფიტი, წინაზრდილზე კი – სასქესო ორგანოები – მდედრობითი არქეოგონიუმები კვერცხუჯრედითურთ და მამრობითი ანთერიდიუმები სპერმატოზოიდებითურთ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან ვითარდება ახალი გ. (დიპლოიდური სპოროფიტი). ზოგიერთ გვიმრას ახასიათებს ჰეტეროფილია (საასიმილაციო და სასპორე ფოთლები). გ. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. გვხვდება მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმა.

საქართველოს თანამედროვე ფლორაში ჭარბობს ნამდვილი გ., რ-თა 14 ოჯახის 54 სახეობა იზრდება ყველგან – კოლხ. დაბლობიდან დაწყებული ალპ. სარტყლის ჩათვლით. სახეობათა უმეტესობა გვხვდება დას. საქართველოს ტენიან ტყეებში. ზოგიერთი სახეობა ქმნის გვიმრიან ბალახოვან საფარს ძირითადად წიფლნარსა და ნაძვნარში. საქართველში გვხვდება ენდემური გ-ის სახეობებიც. იშვიათი რელიქტური სახეობებია სამეფო გვიმრა (Osmunda regalis) და ჰიმენოფილუმი (Hymenophyllum tunbridgense).

ი. მიქელაძე