გვირგვინას ქედი

გვირგვინას ქედი, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. განშტოება, ერთი მხრივ. გუჯარეთისწყლის აუზისა და, მეორე მხრივ, ნეძვისწყლისა და ძამის აუზების წყალგამყოფი. იწყება მთა ჯამჯამასთან და ციცაბო კალთით მთავრდება მტკვრის მარჯვ. ნაპირას. აგებულია პალეოგენური დანალექებით. ქედის უმაღლესი წერტილია მთა მურყნევი (2342 მ), სხვა მთებიდან აღსანიშნავია აბუხალო, ალერსისციხე, გვირგვინა, თორტიზა და სხვ. ქედის ციცაბო კალთები ძლიერ დაღარულია მდინარეთა ხეობებით. შემოსილია ძირითადად ფართოფოთლოვანი ტყით, ნაწილობრივ – წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემურ ნაწილში სუბალპ. მდელოებია. გ. ქ-ზე ზაფხულში მოხერხებულია პირველი და მეორე კატეგორიის სიძნელის ჩასართველი ტურისტული მარშრუტების გავლა, ზამთარში – სათხილამურო ლაშქრობის მოწყობა. მის კალთებზეა სოფლები; თორტიზა, ყვიბისი, ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დიდი და პატარა მიტარბი, დაბა წაღვერი და სხვ.

დ. უკლება