გვირგვინი

გვირგვინი, 1. მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო – ძვირფასი ლითონისაგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული. გ-ს ძვ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდა. მისი ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. გ. მეფობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო. ამიტომ მეფეს „გვირგვინოსანს“ უწოდებდნენ. 2. ჯვრიან-ფოჩებიანი საქორწინო რკალისებრი სამკაული, რ-საც ჯვრისწერის დროს თავზე ადგამდნენ დასაქორწინებელ ქალ-ვაჟს (ნეფე-დედოფალს).

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7), გვ. 149–157.

2) გვირგვინი შენობისა, საქართველოში გავრცელებული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის კარვის ფორმის (პირამიდული) გადახურვა, რ-საც მაღლა სასინათლო და საკვამური ხვრელი აქვს დატანებული. ამოყვანილია საფეხურებად ერთმანეთზე დალაგებული, ძელებისაგან შეკრული და ზემოთკენ თანდათან შევიწროებული მრავალკუთხედების წყობით. გ-ის კონსტრუქცია ორგვარია – პარალელური (როცა ერთმანეთზე დაწყობილი მრავალკუთხედების გვერდები პარალელურია) და კუთხური (ყოველი ზედა მრავალკუთხედის გვერდები კუთხეზე ჰკვეთს ქვედა მრავალკუთხედს). გ-მა განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო უძველესი კოლხური სახლიდან ახალციხის თუ ერთაწმინდის დარბაზულ კომპლექსებამდე. იხ. აგრეთვე სტ. დარბაზი.