გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე

გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე (სამართ. ისტ.), ქორწინების სახეობა ძვ. საქართველოში. ფართოდ იყო გავრცელებული დიდგვაროვანთა წრეში. ერთმანეთისაგან დაშორებით მყოფი საქმრო და საცოლე, რ-ებსაც რაიმე მიზეზით დროზე ერთად შეყრა არ შეეძლოთ, გვირგვინის კურთხევის წესს თავთავიანთი ბინადრობის ადგილას ასრულებდნენ. გვირგვინის ქვეშ საცოლესთან საქმროს მაგიერ სხვა ვინმე მამაკაცი იდგა, საქმროსთან საცოლის ნაცვლად ასევე მამაკაცი და არა ქალი. მაგრამ ჯვრისწერის დროს იხსენიებოდა ნამდვილი საქმროსა და საცოლის (და არა მათი წარმომადგენლების) სახელები. ასეთი ჯვრისწერა ეწინააღმდეგებოდა კანონიკური სამართლის დოგმებს, რ-თა მიხედვითაც ქორწინება რელიგ. საიდუმლოებაა და არა ხელშეკრულება. წარმომადგენლობითი ქორწინების ეს წესი სასტიკად აკრძალა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1104).

წყარო: რუსი-ურბნისის კრების ძეგლისწერა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

გ. ნადარეიშვილი