გვირილა

გვირილა, რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რ-ის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში, ნაწილობრივ ჩრდ. აფრიკაში. სახეობათა უმრავლესობა თავმოყრილია კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24 სახეობაა. მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 – საქართველოსი. მრავალწლოვანი ბალახებია. გავრცელებულია მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპ. სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვ. ზოგიერთი სახეობა ნათესებისა და სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გ. – P. balsamita); ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეთრინსა და ცინეროლს) შეიცავს წითელი ანუ კავკასიური გ. (P. roseum), P. parthenium-ს დეკორ. მებაღეობაში იყენებენ. Doronicum-ის გვარიდან გ-ის სახელით ცნობილია ყვითელი გ. (D. orientale), რ-იც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი – ქართლში, მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში; Leucanthemum-ის გვარიდან ცნობილია მინდვრის გვირილა.

მ. სახოკია