გვიჩიანები

გვიჩიანები, ქართული (სვანური) ხალხური სიმღერის ოსტატთა (მომღერალთა და ლოტბართა) გვარი ზემო სვანეთში.

1. კონსტანტინე შავარდენის ძე (4. XII. 1890, სოფ. ლატალი, – 18. V. 1980, იქვე), ლოტბარი, ზემო სვანეთის ეთნოგრაფიული გუნდის აქტ. წევრი მისი ჩამოყალიბების დღიდან. წარმატებით გამოდიოდა როგორც მომღერალი და მოცეკვავე; საკავშ. და რესპ. ფესტივალებისა და ოლიმპიადების არაერთგზის ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქროს მედლებით. გადაღებულია სატელევიზიო-დოკუმენტურ ფილმში – „ძველი და ახალი სვანეთი“.

2. ალექსანდრე შავხანის ძე (19. VIII. 1924, სოფ. ლატალი), მომღერალი და ლოტბარი.

1946-იდან მღეროდა ლატალის ხალხ. მომღერალთა გუნდში (უმთავრესად ძვ. სვანურ სიმღერა-ბალადებს). 1967–75 და 1980–85 ხელმძღვანელობდა ლატალის კულტ. სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს (1979-იდან გუნდმა სახ. ანსამბლის წოდება მიიღო). საკავშ. და რესპ. ფესტივალებისა და ოლიმპიადების არაერთგზის ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქროს მედლებით.

3. ავქსენტი ანდრიას ძე (27. XI. 1924, სოფ. ლატალი), მომღერალი და ლოტბარი. 1934 ზემო სვანეთის ეთნოგრაფიული გუნდის (ხელმძღვ. მურზაყან დადეშქელიანი) წევრი. ხელმძღვანელობდა ბეჩოს საშ. სკოლის მომღერალთა გუნდს, 1966–80 ლატალის სახ. ანსამბლის ხელმძღვანელი იყო.

4. ედიშერ თეიმურაზის ძე (დ. 17. II. 1953, სოფ. ლატალი), მომღერალი და ლოტბარი. 1985 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია. 1964-იდან მღეროდა ლატალის სახ. გუნდში. ამავე წელს ჩამოაყალიბა ლატალის საშ. სკოლის მომღერალთა გუნდი. 1987-იდან ხელმძღვანელობს სოფლების – ნაგებისა და ლემშვენიერას ხალხ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს. არის საკავშ. და რესპ. ოლიმპიადებისა და ფესტივალების ლაურეატი. სვანეთში გ-ის გვარს – „ბულბულების ბუდეს“ უწოდებენ.

ა. გელოვანი