გვრიტიშვილი დავით ვლადიმერის ძე

გვრიტიშვილი დავით ვლადიმერის ძე (15. II. 1915, სოფ. იკოთი, ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი, – 20. X. 1969, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1957).

დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1938). 1942–43, II მსოფლიო ომის დროს, იბრძოდა სტალინგრადთან. 1943-იდან მუშაობდა თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინ-ტში, 1952 – საქართვ. კპ თბილ. საოლქო კომიტეტში პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ბის გამგედ. 1953-იდან კვლავ სამეცნ. სამუშაოზე იყო. 1950–52 და 1956–61 იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანი, 1961– 69 – საქართვ. ისტ. კათედრის პროფესორი.

გ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XIII–XVIII სს. საქართველოს სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის შესწავლის საქმეში. გამოიკვლია ქართლის სათავადოები, ქართველი ყმა გლეხობის, ფეოდ. ქ-ების (თბილისი, გორი), საზ. აზროვნებისა და კულტ. ისტორიის მთელი რიგი საკითხები.

თხზ.: გორის ისტორია, თბ., 1954; ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, [ტ.] 1–3, თბ., 1962–68.

რ. მეტრეველი