გიგაური გივი ლევანის ძე

გიგაური გივი ლევანის ძე (6. IV. 1928, თბილისი, – 10. VIII. 2003), კინოს მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1986).

1954 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (ს. ქობულაძის კლასი). აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968-იდან). 1954-იდან კონცერნ „ქართულ ფილმში“ მუშაობდა მხატვრად. გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. კულტურა, პოეტურობა, დახვეწილი გემოვნება. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნახატსა და კოლორიტს, რ-იც ზუსტად ერწყმის ფილმის იდეურ აზრს, რეჟისორის ჩანაფიქრის მხატვრულად გახსნას. გ-ის ესკიზები დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებებია და დაზგური ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი), ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“ (გორის გ. ერისთავის სახ. თეატრი) და სხვ. მის მიერ გაფორმებული ფილმები ახ. ეტაპია ქართ. კინოს ისტორიაში. გ-მა მხატვრულად გააფორმა ფილმები: „მაგდანას ლურჯა“ (1955, კოსტიუმების მხატვარი), „ჩვენი ეზო“ (1956), „სხვისი შვილები“ (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959, ყველა კ. ხუციშვილთან ერთად), „ქორწილი“ (1965), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975, ზ. მეძმარიაშვილთან ერთად), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980), „ცხოვრება დონ-კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „ჩაკლული სული“ (1994), „გაჭედილები“ (2003) და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგური გრაფიკისა და ჭედური ხელოვნების დარგში („არაგველები“ – თბილ. მეტროპოლიტენის სადგურის „სამასი არაგველის“ პანო; ჭედურობა, სპილენძი, 1967, თ. გიგაურთან ერთად).

ა. ჩხარტიშვილი