გიგინეიშვილი ოთარ ისიდორეს ძე

გიგინეიშვილი ოთარ ისიდორეს ძე (27. IX, 1916, ქუთაისი, – 10. II. 1990, თბილისი), ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989).

1940 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი, 1947 – სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლ. სკოლა. 1947-იდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე. 1947–54 მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ, საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტად, მინისტრის თანაშემწედ. 1956–58 იყო საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, 1958-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში: 1960-მდე ისტ. ინ-ტში, 1960-იდან – აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყ-ბის ხელმძღვანელი; ერთდროულად, 1974–90 დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში. იკვლევდა თურქეთის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგ. პროცესებს. 1968–90 იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე, 1963–83 საქართვ. მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავ-რე. იყო სსრკ დამს. მწვრთნელი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1963; ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან, თბ., 1982; მთამსვლელობა საქართველოში, თბ., 1983; თურქეთის 1960 წლის 27 მაისის სახელმწიფო გადატრიალების მოკლე ისტორია, თბ., 1989.

ჯ. გიუნაშვილი