გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), სამთავრობათაშორის საერთაშორისო ორგანიზაცია.

შეიქმნა 1945 წ. 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს (აშშ) კონფერენციაზე 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა გაეროს წესდებას, რ-იც ძალაში შევიდა იმავე წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გაეროს დღე. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია დაიცვას საყოველთაო მშვიდობა და უსაფრთხოება, განამტკიცოს სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობები და განავითაროს თანამშრომლობა საერთაშ. ხასიათის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისა და წახალისების ხელშესაწყობად. დღეს გაერო მშვიდობის დაცვის საკითხებთან ერთად, ნაყოფიერად საქმიანობს მდგრადი განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და გლობალური გამოწვევების საკითხებზე (მაგ., კლიმატის ცვლილება) სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მობილიზების კუთხით.

გაეროს წევრია 193 სახელმწიფო (2021). საქართველო გაეროს წევრად მიიღეს 1992 წ. 31 ივლისს.

ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: წევრ-სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება, საერთაშ. დავების მშვიდობიანად გადაწყვეტა, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტ. ხელშეუხებლობის ან პოლიტ. დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის ან ძალის გამოყენების მუქარისგან თავის შეკავება და ა. შ.

გაეროს სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში, ოფისები – ვენაში, ნაირობისა და ჟენევაში, ხოლო საერთაშ. სასამართლო – ჰააგაში. გაეროს ოფიციალური ენებია – არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური.

გაერო შედგება 6 მთავარი ორგანოსაგან: გენ. ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონ. და სოციალური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მართლმსაჯულების საერთაშ. სასამართლო და სამდივნო.

ორგანიზაციას, ადმინისტრაციულ დონეზე, გენ. მდივანი ხელმძღვანელობს. 2017-იდან გაეროს გენ. მდივანია ა. გუტიერეში (პორტუგალია), რ-იც ამ პოზიციაზე მეორე ვადით (2026 წ. ბოლომდე) დაინიშნა.

გენერალურ ასამბლეაში წარმოდგენილია ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო, სადაც თითოეულ მათგანს ხმის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). ასამბლეა უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი საკითხი გაეროს წესდების ფარგლებში, მიიღოს რეკომენდაციები ყველა იმ საკითხზე, რ-იც არ განიხილება უშიშროების საბჭოს მიერ. გენ. ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს უბრალო უმრავლესობით, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებზე (საერთაშ. მშვიდობა და უსაფრთხოება, ახ. წევრის მიღება) – ხმათა 2/3-ით.

გენ. ასამბლეის მიერ დასამტკიცებელ საკითხებს, ძირითადად, მისი 6 მთავარი კომიტეტი (განიარაღებისა და საერთაშ. უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა, სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის, სპეციალურ პოლიტიკურ და დეკოლონიზაციის საკითხთა, ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხთა და სამართლებრივ საკითხთა) განიხილავს.

საერთაშ. მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში ძირითადი პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოს ეკისრება. იგი შედგება 15 წევრისაგან, აქედან 5 (აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) მუდმივი წევრია. არსებითი საკითხების განხილვისას ყოველ მათგანს ვეტოს უფლება აქვს – უარყოფითი ხმის მიცემის შემთხვევაში, უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუნდაც მას საბჭოს დანარჩენმა თოთხმეტმა წევრმა დაუჭიროს მხარი. ეს პრინციპი ჩამოყალიბდა 1954 წელს.

უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო 47 რეზოლუცია, რ-ითაც მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წ. 24 აგვისტოს S/RES/858 რეზოლუციის თანახმად, საქართველოში განთავსდა გაეროს სადამკვირვებლო მისია (UNOMIG), რ-მაც თავისი საქმიანობა 2009 წ. 15 ივნისს შეწყვიტა – რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის მიმართ და სადამკვირვებლო მისიას მანდატი არ გაუგრძელა.

გაერო ჩართულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში და ამჟამად იგი ევროკავშირთან და ეუთოსთან ერთად თანათავმჯდომარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის (ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული) 2008 წ. 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ჟენევის საერთაშ. მოლაპარაკებებს. გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშ. მოლაპარაკებებში (ოფისი – ჟენევაში) არის გაეროს გენ. მდივნის თანაშემწე ჯიჰან სულთანოღლუ (თურქეთი).

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციებს გენ. ასამბლეა იღებს 2008-იდან, ხოლო ადამიანის უფლებათა საბჭო კი – 2017-იდან.

თბილისში 1993-იდან მოქმედებს გაეროს წარმომადგენლობა, რ-ის მიზანია, ეროვნ. პრიორიტეტების მიღწევის გზაზე, მ. შ., ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების რეალიზაციის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით ქვეყნის ძალისხმევის ხელშეწყობა.

საქართველო სხვადასხვა დროს იყო გაეროს ძირითადი და არჩევითი ორგანოების (ეკონ. და სოც. საბჭო, ადამიანის უფლებათა საბჭო, მშვიდობის აღმშენებლობის კომისიის, გაეროს სტატისტიკის კომისიის და სხვ.) წევრი, ხოლო საქართველოს წარმომადგენლებს ეკავათ და ამჟამადაც უკავიათ ხსენებული ორგანოებისა და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოების ხელმძღვანელი თანამდებობები (ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გაეროს გენ. ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და სხვ.). სხვადასხვა დროს აქ მუშაობდნენ ქართვ. მეცნიერები გ. ჟვანია და ალექსიძე ლევან|ლ. ალექსიძე.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები იყვნენ: პ. ჩხეიძე (1992–2002), რ. ადამია (2002–06), ი. ალასანია (2006–08), ა. ლომაია (2009–13). 2013-იდან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს კ. იმნაძე.

ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშ. ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები: ა. კავაძე (1997–2003), ა. ჩიკვაიძე (2003–05), ლ. მიქელაძე (2006–07), გ. გორგილაძე (2008–11), ზ. ჭიაბერაშვილი (2011–12), შ. ცისკარაშვილი (2012–17), ვ. დოლიძე (2018–20). 2020-იდან ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს ა. მაისურაძე.