აბაზასძენი, ქართველ ფეოდალთა საგვარეულო. წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX–X სს. შიდა ქართლის ერისთავების – ტბელების – ფეოდ. სახლთან.
ვარაუდობენ, რომ ა-თა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის ეკლესიის X ს. წარწერაში მოხსენიებული ტბელი აბაზაჲ. XI ს. I ნახევარში მათ ეპყრათ ქართლის ერისთავობა. „გიორგი მთაწმიდლის ცხოვრების“ მიხედვით, ა. იყვნენ „ძლიერნი და ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თჳსისასა მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI ს. შუა წლებში ა. ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ ა. დაკნინდნენ და ისტ. წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 დოკუმენტის ცნობით, ა-თა ერთი შტოსათვის მეფეს კახეთში აბულეთისძეთა მამული უბოძებია. XV–XVIII სს-ში ა. ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.
წყარო: გიორგი მცირე, ცხორება გიორგი მთაწმინდელისა, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 1 – ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
ნ. შოშიაშვილი