აბაევი ვასილ ივანეს ძე [22. XII. 1899 (3. I. 1900), სოფ. კობი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, – 18. III. 2001, სანქტ-პეტერბურგი], ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ეროვნებით ოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984). ჩრდ. ოსეთის მეცნ. დამს. მოღვაწე (1957).
დაამთავრა ლენინგრ. უნ-ტი (1925), მუშაობდა მოსკოვში, რუს. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში. 1928–30 მოღვაწეობდა თბილისში, სსრკ მეცნ. აკად. კავკ. ისტ. და არქეოლ. ინ-ტში. მეორე მსოფლიო ომის წლებში – ცხინვალისა და ვლადიკავკაზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. ა-ის მთავარ შრომებს – „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1–3, 1958–79; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1983) – დიდი მნიშვნელობა აქვს ირან. ენათა კვლევისათვის, ქართ.-კავკ. და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის, აგრეთვე კავკ. ხალხთა ეთნოგრ. და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით.
საყურადღებოა მისი სტატიები: „არმაზის ბილინგვის გარშემო“ (საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე, 1944, ტ. 5, Nº 8), «შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ» (Известия АН СССР, 1966, т. 25, в. 4), «პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ» (თსუ შრომები, 1967, ტ. 118, სერია 6. რუს. ენაზე).
თხზ.: Избранные труды, т. 1, Владикавказ, 1990 Из осетинского эпоса, М.-Л., 1939; О некоторых осетинских элементах в грузинском языке, «Труды Ин-Та языкознания АН СССР», 1956, т. 6; Статьи по теории и истории языкознания. М., 2006.
ლიტ.: Исаев М. И., Васо Абаев [Владикавказ], 1980.
მ. ანდრონიკაშვილი