ბალიაშვილი მარინა სიმონის ასული

ბალიაშვილი მარინა სიმონის ასული (დ. 8. I. 1948, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1969). დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო ამავე ინ-ტში: იყო სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, სადისერტაციო საბჭოს მდივანი, სოციალური და პიროვნების ფსიქოლ. განყ-ბის გამგე. ბ-ის ნაშრომი “პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები” დ. უზნაძის აკადემიური სახელმწ. პრემიით აღინიშნა (2012).

ბ-ის თეორ. და ემპირიულ გამოკვლევებში ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხებია შესწავლილი. სისტემატური ექსპერ. კვლევის ობიექტი გახდა სოციალური განწყობისა და ქცევის ურთიერთმიმართება; ასევე მრავალი საგულისხმო მონაცემია მოპოვებული სოციალურ განწყობათა ფორმირება-შეცვლის კანონზომიერებათა გამოვლენის მხრივ.

ბ-ის სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ქცევაში ,,მე-ს ობიექტივაციის როლის ჩვენებას. კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით ,,მე-ს ობიექტივაცია გავლენას ახდენს ფსიქიკურ ფენომენთა ფართო სპექტრზე და ქცევაში კონსტრუქციულ როლს ასრულებს.

ბ. ავტორია სახელმძღვანელოებისა სოციალურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში.

თხზ.: სოციალური განწყობის ჩამოყალიბება და პიროვნების აქტივობა, თბ., 1980; ტოლერანტობა მრავალეროვან საქართველოში (თანაავტ.). თბ., 2009; პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბ., 2014; სოციალური ფსიქოლოგია, თბ., 2016.

ი. იმედაძე