გაბლიანი ეგნატე გიორგის ძე

გაბლიანი ეგნატე გიორგის ძე (1877, სოფ. ლახისი, მულახის საზ-ბა, ახლანდ. მესტიის მუნიციპ., — 1937), ეთნოლოგი, საზოგადო მოღვაწე. გ. გაბლიანის მამა.

დაწყებითი განათლება მულახის ორწლიან სასწავლებელში მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სას. სასწავლებელი და იქვე დაიწყო მუშაობა. მალე გ. დანიშნეს მესტიის მაზრის ცენტრის ჯერ ბოქაულად, შემდეგ — მაზრის უფროსად. მაზრის ცენტრი 1921-მდე ბეჩოში იყო. 1910 გ. მეგზურობას უწევდაა ე. თაყაიშვილს სვანეთში მოგზაურობისას. ამავე პერიოდში გაიცნო აკად. ნ. მარი, რ-ის რეკომენდაციით ჩაირიცხა პეტერბ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე თავისუფალ მსმენელად (1912–17), თანამშრომლობდა პეტერბურგის მეცნ. აკადემიასთან. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის (1921) შემდეგ ქუთაისში დააპატიმრეს. ციხიდან გამოსული ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. იყო 1924 წ. აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი მეთაური სვანეთში. „თავისუფალმა სვანეთმა“ სწრაფად ჩამოაგდო ადგილობრივი ბოლშევიკური ადმინისტრაცია. აჯანყების დამარცხების შემდეგ გ-ის რაზმი იძულებული გახდა მთებში გახიზნულიყო. ხელისუფლებამ მთიელებთან შემრიგებლური პოლიტიკა არჩია – გ-ს სრული ამნისტია და თავისუფლება შესთავაზა, რაზეც იგი დათანხმდა, თუმცა მთავრობამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა დაპირება – გ. გაასამართლეს, 10 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და ერთხანს თბილისიდან გასვლა აუკრძალეს. შემდგომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გ-ის პოპულარობის გამოყენება და იგი ზემო სვანეთის გამგებლის მოადგილედ დანიშნა (გამგებელი ბოლშევიკი იყო). მოგვიანებით გ. სათავეში ჩაუდგა მესტია-ზუგდიდის სამანქანო გზის მშენებლობას, სოფ. ჯვართან აშენდა რკინის ხიდი. გ. იყო თბილისში მთიელთა საბავშვო სახლის, სვანეთის კულტ. ძეგლების აღრიცხვისა და შენახვის, მესტიაში სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (1936; პირველი დირექტორი) დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. მუზეუმი თავდაპირველად განთავსდა სეტის წმ. გიორგის ეკლესიაში. აქ მან თავი მოუყარა 318–მდე ექსპონატს. შეადგინა მათი პასპორტები. გ. აგრძელებდა აქტიურ სამეცნ. მუშაობას.

1925 გამოვიდა მისი პირველი მონოგრაფია „ძველი და ახალი სვანეთი“; 1927 – „თავისუფალი სვანეთი“; 1930 – „ჯიხვი სვანეთის მთებში“. 1937 რეპრესიების დროს გ. დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ს. კვიციანი