ბიჰევიორიზმი, დიდი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა. ბ-ის პროგრამა და თვით ტერმინი მოცემულია ამერიკელი ფსიქოლ. ჯონ უოთსონის წერილში „ფსიქოლოგია, ბიჰევიორისტის თვალსაზრისით“ (1913), რ-იც ბ-ის „მანიფესატად“ არის მიჩნეული.
ბ. არის კრიტიკული რეაქცია კლასიკური ცნობიერების ფსიქოლ. ინტროსპექციონიზმზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო უნარს მოეცა უტყუარი და სანდო მონაცემები. თვითდაკვირვების არასანდოობა არ აძლევდა საშუალებას ფსიქოლ. დაემკვიდრებინა თავი სხვა წარმატებულ საბუნებისმეტყველო დისციპლინებს შორის. ბ-ის მიხედვით, ფსიქოლ. მეცნიერულ სტატუსს მოიპოვებს, თუ უარს იტყვის სუბიექტურ მეთოდზე და დაადგება ობიექტური კვლევის გზას. ეს, ამავე დროს, ნიშნავს უარის თქმას ცნობიერების (მენტალური ცხოვრების) შესწავლაზეც, ვინაიდან კლასიკური ფსიქოლ. გაგებით, ცნობიერებაზე დაკვირვება მხოლოდ თვითაკვირვებით შეიძლება. აქედან გამომდინარე, ფსიქოლ. ისღა დარჩენია, რომ დისკრედიტირებულ ინტროსპექციაზე „მიბმული“ ცნობიერების ნაცვალად შეისწავლოს ობიექტურად მოცემული მოვლენა - ქცევა, რ-იც ექვემდებარება ობიექტურ დახასიათებას.
ბ-ის თანახმად, ფსიქოლ. საგანი არის სუბიექტური მომენტისგან გამოშიგნული ქცევა. მას მიეკუთვნება ორგანიზმის ან მისი ნაწილების ყველა დაკვირვებადი რეაქცია გარე ზემოქმედებაზე (სტიმულებზე). ქცევის ანალიზის ერთეულად მიჩნეულია კონკრეტული სტიმულისა და რეაქციის კავშირი (S-R). ქცევის კანონზომიერებათა დადგენა ნიშნავს იმის ნათელყოფას, თუ რა ხდება ორგანიზმის სისტემის „შესასვლელში“ (სტიმული) და „გამოსასვლელში“ (რეაქცია). ამ სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესები, როგორც ფსიქოლ., ისე ნეიროფიზიოლოგიური არ მიიღება მხედველობაში, რამდენადაც არ ექვემდებარებიან უშულო დაკვირვებას. ბ-ის ძირითადი მეთოდია ობიექტური დაკვირვება და ექსპერიმენტი.
ბ-ის კვლევის მთავარი ობიექტი გახდა დასწავლა, ანუ იმ პროცესის კანონზომიერებათა დადგენა, თუ როგორ ხდება ქცევის ახალი ფორმების შეძენა. ამის ცოდნა საჭიროა ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებისთვის და მართვისთვის (კონტროლისთვის) – სწორედ ამაში ხედავს ბ. ფსიქოლ. საბოლოო ამოცანას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბ. ათეულობით წლების განმავლობაში გაბატონებული იყო უპირატესად ამერიკულ ფსიქოლოგიაზე, და სერიოზული გავლენა მოახდინა ანთროპოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, ლინგვისტიკაზე, პედაგოგიკასა და სხვა ე.წ. „ბიჰევიორალურ მეცნიერებებზე“.
ბ-ის ისტორია დაახლოებით რვა ათეულ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან განვითარების სამი ეტაპი გაიარა. კლასიკური ბ., რომელიც S-R ფორმულას ემყარება. მისი ეპოქა XX ს. 10–30 წწ. გაგრძელდა. ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებია ჯ. უოთსონი ე. თორდაიკი და კ. ლეშლი. 30–50 წწ. ნეობიჰევიორიზმის ხანა დგება, რ-იც ორი ძირითადი სკოლით არის წარმოდგენილი – კ. ჰალის და ე. ტოლმენის ნეობიჰევიორიზმში მოხდა ბ-ის ერთგავრი ლიბერალიზაცია იმ მხრივ, რომ სტიმულსა და რეაქციას შორის შეტანილ იქნა შუალედური ცვლადები. 60–70 წწ.-იდან წამყვან პოზიციას ბ. სკინერის ოპერანტული/რადიკალური ბ. იკავებს. ამავე ხანიდან ბ. თანდათან კარგავს გაბატონებულ მდგომარეობას ამერიკული ფსიქოლოგიის კონცეფციებს შორის და 80-იან წლებში ბიჰევიორიზმის ერა არსებითად სრულდება. ბ-მა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი მთელი ფსიქოლ. მეცნ. განვითარებაში. ეს გამოიხატა დეტერმინიზმის პრინციპების დამკვიდრებაში, ახალი ემპირიული და მათ. მეთოდების შექმნაში, ახალი პრობლემების დასმასა და გადაწყვეტაში, განსაკუთრებით დასწავლის ფსიქოლ. სფეროში. ბ-ს არ დაკლებია კრიტიკა იმ მეცნიერთა მხრიდან, ვისთვისაც ყოველთვის ნათელი იყო, რომ ფსიქოლოგიიდან ცნობიერების (განცდების) განდევნა სრულიად დაუშვებელია. ქცევა ვერ აღიწერება S-R ფორმულით. განწყობის თეორიაში, რ-იც არსებითად ქცევის მაზანშეწონილების კონცეფციაა, ბ. სწორედ ამ კუთხითაა გაანალიზებული. ამ ანალიზის შედეგი უნდა იყოს დ. უზნაძის მიერ ფიზიკური და ფსიქოლ. ქცევის ცნებათა შემოტანა. ფიზიკური ქცევა ობიექტურად მოცემული მოძრაობათა კომპლექსია. „ფსიქოლოგიურად ეს კომპლექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ქცევად, როდესაც იგი გარკვეული აზრის, მნიშვნელობის, ღირებულების მატარებლად განიცდება“. ამ ფსიქოლ. შინაარსის გარეშე ქცევა უბრალო ფიზიკურ ფაქტად დარჩება. ბ-ის ანალიზი სხვადასხვა თვალსაზრისით მოცემულია არა ერთი ქართვ. ფსიქოლ. გამოკვლევაში. ბ-ის მეთოდოლოგიური სახე სისტემატურად გაანალიზა ო. ტაბიძემ.
ლიტ.: ი მ ე დ ა ძ ე ი. თანამედროვე ფსიქოლოგია: მდგომარეობა და პერსპექტივები. თბ., 2021; ტ ა ბ ი ძ ე ო. ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები. თბ., 1968; Я р о ш е в с к и й М. Г. Психология в XX столетии. М., 1971; H e r g e n h a h n B. R., O l s o n M. H. An introduction to theories of learning. New Jersey, 2005; H a l l C.S., L i n d z e y G., J o h n B. C a m p b e l l Theories of Personality. N.Y., 1997; S m i t h N. W. Current systems in psychology: history, theory, research, and applications. Belmont, CA., 2001.
ი. იმედაძე