ბახტრიონის ციხე, ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთში, მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს, მდ-ების ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად.
აგებული უნდა იყოს XVII ს. 50-იანი წწ. ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით. ბ. ც. ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში ყიზილბაშთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფ. ბახტრიონის მიხედვით, რ-ის სახელწოდება, თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს. კახეთის აჯანყების (1660) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა (იხ. ბახტრიონის ბრძოლა 1660).
აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რ-ზეც ბ. ც. იდგა, მოსახლეობა დღესაც „ბახტრიონის გორას“ უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. აღმ-ით მდგარი კოშკისაგან ორი სართულია გადარჩენილი. I სართულოს ჩრდ-ით კარი ჰქონდა, აღმ-ით ნიშები, შუაში ბუხარი ‒ გვერდებზე თითო-თითო სათოფური. აღმ. მონაკვეთში ერთიანად რიყის ქვით ნაგები უაფსიდო ეკლესია დგას. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს, სარკმლები კი ‒ აღმ-ით და დას-ით. გადახურულია ერთიანი ცილინდრული კამარით. ზოგადი ნიშნით ეკლესია გვიანდ. შუა საუკ. მიეკუთვნება.
ეკლესია რესტავრირებულია 2008.
კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით. აქ აღიმართა ობელისკი.
ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.
ნ. ასათიანი
პ. ზაქარაია