ბიეთი, XIV ს. II ნახ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია ახალციხის მუნიციპ-ში სოფ. გურკელის მახლობლად.
„ბ.“ ჰქვია მხოლოდ ეკლესიას, ამ სახელწოდების პუნქტი აღარ არსებობს. ამჟამად ტაძრის გუმბათი, კამარები და კედლების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. გადარჩენილია საკურთხევლის მხარე. გუმბათი დასავლეთის ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს ეყრდნობოდა. აღმ. ფასადზე შუა სარკმლის ზემოთ გამოსახულია უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, რ-ის მკლავებიც ფასადის თითქმის მთელ სიგანეს სწვდება. ჩუქურთმიანი მორთულობა აქვს ტაძრის სხვა სარკმლებსა და შესასვლელსაც. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო.
დას-ით ტაძარს ღია თაღებიანი კარიბჭე აქვს (შესასვლელი წინ), ხოლო ჩრდ-ით – უფრო გვიან მიშენებული სამლოცველო, რ-იც წარწერის თანახმად, 1493 აუგია ზაალ თოხასძეს. ადრე აქ სამრეკლოც მდგარა, მაგრამ ახლა მისი კვალიც აღარ არის.
2011 ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XII – XVI საუკუნეები, თბ., 1955.
ვ. ბერიძე