ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, კასპიის რეგიონის დასავლეთთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელი პროექტი.
1999 წ. 19 ნოემბ. ეუთოს ქვეყნების ლიდერთა სტამბოლის სამიტზე საქართვ., აზერბ. და თურქეთის პრეზიდენტებმა – ე. შევარდნაძემ, პ. ალიევმა და ს. დემირელმა, აშშ-ის პრეზიდენტ უ. კლინტონის თანდასწრებით ხელი მოაწერეს ბ.–თ.–ჯ.ნ-ის პროექტის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას. საპროექტო სამუშაოები 2002 ივნისში დასრულდა, მშენებლობა დაიწყო 2003 გაზაფხულზე და დამთავრდა 2005 დასაწყისში. პროექტში ინვესტიციების მოცულობა განსაზღვრული იყო 2,9 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით, აქედან საქართვ. ტერიტორიაზე ნავთობსადენის მშენებლობაში ინვესტირებული იყო 514,7 მლნ. აშშ დოლარი. ნავთობსადენი სათავეს იღებს ბაქოს მახლობლად განლაგებული სანგაჩალის ნავთობის ტერმინალიდან და აზერბ., საქართვ. და თურქეთის ტერიტორიების გავლით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვის ღრმაწყლოვან ტერმინალს ჯეიჰანში (თურქეთი). ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1776 კმ-ია, მ. შ. აზერბ. ტერიტორიაზე – 449 კმ, საქართვ. – 235 კმ და თურქეთის –1092 კმ. მილსადენის საქართვ. მონაკვეთის დიამეტრი 1168 მმ-ია, წლ. საპროექტო გამტარუნარიანობა 50 მლნ. ტ (1 მლნ. ბარელი/დღ-ღ).
მილსადენს ემსახურება 8 სატუმბი სადგური (მ. შ. 2 საქართვ. ტერიტორიაზე) და მილის მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და გამწმენდი მოწყობილობის გამშვებ-მიმღები სადგურები. ბ.–თ.–ჯ.ნ-ის საშუალებით ხდება, ძირითადად, აზერბ. ოფშორულ, აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის საბადოებზე მოპოვებული, აგრეთვე მცირე რაოდენობით ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტანკერებით მოწოდებული ნავთობის ტრანსპორტირება.
ნავთობსადენის კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან 2022-მდე გადატვირთულია დაახლოებით 505 მლნ. ტ ნავთობი. პროექტით გათვალისწინებული 40-წლიანი ექსპლუატაციის პერიოდში საქართვ. ბიუჯეტი ტრანსპორტირებული ნავთობის სანაცვლოდ, დაახლოებით 1,5–1,7 მლრდ. აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს, სატრანზიტო გადასახადის სახით.
თ. გოჩიტაშვილი