ბაქო–თბილისი–ერზურუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემა, სატრანსპორტო მილსადენი, რომელიც განკუთვნილია კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში განლაგებული შაჰდენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზურუმამდე.
მილის საპროექტო წლ. გამტარუნარიანობა, რეკონსტრუქციის შემდგომ, 22 მლრდ. მ³-ს შეადგენს. „სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემის“ შემდგომი გაფართოების გეგმით გათვალისწინებულია გამტარუნარიანობის გაზრდა 30 მლრდ. მ³-მდე. სამხრეთკავკასიური გაზსადენის სიგრძე (პარალელური მონაკვეთების სიგრძის გარეშე) აზერბ. და საქართვ. მონაკვეთებზე 690 კმ-ს შეადგენს (შესაბამისად, 442 და 248 კმ), თურქეთის ტერიტორიაზე – 225 კმ-ს. გაზსადენის საწყისი პუნქტია სანგაჩალის ტერმინალი ბაქოსთან ახლოს, ხოლო საბოლოო პუნქტი – ქ. ერზურუმი (თურქეთი). გაზსადენი, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად, ერთობლივ ტექ. კორიდორშია განთავსებული. თურქეთის ტერიტორიაზე „სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემა“ ადგილობრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასა და სამხრ. გაზის კორიდორის შემადგენელ ტრანსანატოლიურ მილსადენს (ტანაპ) უკავშირდება, რ-იც, თავის მხრივ, საბერძნეთ–ალბანეთ–იტალიის დამაკავშირებელ ტრანსადრიატიკულ მილსადენთანაა (ტაპ) დაკავშირებული შაჰდენიზის გაზის თურქეთის მომხმარებლებისა და ევრ. ბაზრებზე მიწოდებისათვის. გაზსადენის სისტემის კომპლექსში შედის საკომპრესორო სადგურები და გაზის მიმღები პუნქტები საქართვ. და თურქეთში, საექსპორტო გაზის რაოდენობის აღრიცხვის, ასევე მილსადენის დიაგნოსტიკისა და გამწმენდი მოწყობილობის მიმღებ-გამშვები კვანძებით. „სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემის“ მშენებლობის პირველი ეტაპი 2006 დასრულდა, გაზის ტრანზიტი კი 2007-იდან ხორციელდებოდა 1067 მმ დიამეტრის (42 დუიმი), 9 მლრდ. მ³-მდე საპროექტო გამტარუნარიანობის, აზერბაიჯან–საქართველოს მონაკვეთის მეშვეობით. გაზსადენის გამტარუნარიანობის 22 მლრდ. მ³-მდე გაზრდის მიზნით 2018 დასრულდა 56-დუიმიანი პარალელური გაზსადენისა და დამატებითი საკომპრესორო სადგურების მოწყობა. საქართვ. ტერიტორიაზე აშენებულია დაახლოებით 60 კმ სიგრძის ახ. მილსადენი, 2 საკომპრესორო სადგური და დამატებითი წნევის დამწევი და გამზომი სადგურები. გაზსადენის შემდგომი გაფართოების გეგმით გათვალისწინებულია გამტარუნარიანობის გაზრდა 30 მლრდ. მ³-მდე. საქართველო ამ მილსადენით გატარებული გაზის სატრანზიტო გადასახადის სანაცვლოდ შეღავათიანი ფასით იღებს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 5%-ს. შესაბამისად, როდესაც გაზსადენი მიაღწევს შემდგომი გაფართოების გეგმით დადგენილ სიმძლავრეს (30 მლრდ. მ³/წ), საქართვ. შესაძლებლობა ექნება შეღავათიანი ფასით შეისყიდოს 1,5 მლრდ. მ³-მდე გაზი წელიწადში, რაც მიმდინარე პერიოდის ქვეყნის ჯამური მოხმარების დაახლოებით 60%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართვ. უფლება აქვს სპეც. ფასში შეისყიდოს ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები (წელიწადში ნახევარი მლრდ. მ³) პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში.
გაზსადენის ამოქმედებიდან 2022-მდე ჯამურად გადატანილია დაახლოებით 94 მლრდ. მ³ ბუნებრივი გაზი. „სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემა“ მოიაზრება როგორც სამხრეთის გაზის კორიდორის ტრანსნაციონალური სატრანზიტო პროექტების ერთ-ერთი ძირითადი მკვებავი არტერია, რითაც ევრ. ბაზარს აზერბაიჯანული შაჰდენიზისა და კასპიის სხვა საბადოების ბუნებრივი გაზი მიეწოდება.
თ. გოჩიტაშვილი