გაბრიაძე რეზო ლევანის ძე

რ. გაბრიაძე

გაბრიაძე რეზო (რევაზ) ლევანის ძე (29. VI. 1936, ქუთაისი, – 6. VI. 2021, თბილისი), სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). შოთა რუსთაველის და სსრკ სახელმწ. პრემიების ლაურეატი (ორივე – 1989).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1964) და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (1967). პირველი ნაწარმოები – იუმორისტული კინომოთხრობა ,,ფოროსის მარმარილო” – საფუძვლად დაედო სცენარს ფილმისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1968). კინორეჟისორ გ. დანელიასთან ერთად ფრანგი მწერლის კ. ტილიეს რომან ,,ბიძაჩემი ბენჟამენის“ მიხედვით დაწერა სცენარი ფილმისთვის ,,არ იდარდო!“ (1969), სადაც მოქმედება საფრ. სამხრ-იდან მე-19 ს. საქართველოში გადმოიტანა, ხოლო კომედიების – ,,სერენადას“ (მ. ზოშჩენკოს „სერენადას“ მიხედვით; რეჟ. ქ. ხოტივარი, 1968) და ,,ქვევრის“ (ლ. პირანდელოს „ქვევრის“ მიხედვით; რეჟ. ი. კვირიკაძე, 1970) სცენარებში სიტუაციები და გმირები ოსტატურად მოარგო ქართ. სინამდვილეს და ეროვნ. ხასიათს.

კლასიკური ლიტ-რისა და ფოლკლორის ფაბულაზე დაყრდნობით შექმნა სცენარი კომედიისთვის ,,შერეკილები“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1973), რ-ის იდეა ქართ. ზღაპრის სიბრძნეს ეფუძნება. პოპულარობით სარგებლობდა გ-ის სატელევიზიო მინიატიურების სერია ,,გზა“ (,,სამი მანეთი“, ,,თერმომეტრი“, „შაბათ საღამოს“, ,,ნიძლავი“; რეჟ. რ. შარაბიძე, 1975), ,,მწვერვალთა დამპყრობნი“ (რეჟ. ა. დარსაველიძე, 1977), ,,პეპელა“ (რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1977), ,,სამი სასიძო“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1977). არის რამდენიმე ფილმის (,,კავკასიური რომანსი“, 1975; ,,ლიმონის ტორტი“, 1977) რეჟისორი. მისი სცენარებით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიები: ,,ფეოლა“ (1970), ,,ვალსი მთაწმინდაზე“ (1975), „იღბალი“ (1980; სამივეს რეჟ. ბ. წულაძე), ,,თეთრი ქვები“ (1972), ,,წყარო გზის პირას“ (1974), ,,მოხეტიალე რაინდები“ (1975, სამივეს რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), ,,კიბე“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1975), ,,სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ (რეჟ. გ. პატარაია, 1976), ,,სათადარიგო ბორბალი“ (რეჟ. ა. დარსაველიძე, 1978); მხატვრული ფილმი ,,დიუმა კავკასიაში“ (რეჟ. ჰ. ჰაჟკასიმოვი, 1979, რუსეთი); ანიმაციური ფილმი ,,საზამთრო“ (რეჟ. კ. სულაკაური, 1974). მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები გ. დანელიას ფილმებისთვის „მიმინო“ (1976), ,,ქინ-ძა-ძა“ (1986); ,,პასპორტი”(1991, იმავე წელს – რუსეთის კინოაკადემიის პრემია ,,ნიკა“ საუკეთესო სცენარისათვის).

არის მარიონეტული ტელეფილმის, ,,კოჯრის ტყის სიზმრების“ (1979) სცენარის ავტორი და რეჟისორი. გ-ის მოგონებებისა და ნახატების საფუძველზე შეიქმნა ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმი ,,ჰარი-ჰარალე, დედაო!“ (რეჟ. ლ. გაბრიაძე, 2017; რუს. ეროვნ. ანიმაციური პრემია ,,იკაროსი“ საუკეთესო სცენარისათვის, 2018). მზა ფაბულისა და ჟანრული ფორმების „თამაშით“ გ-მ შექმნა განუმეორებელი მხატვრული სამყარო, გამორჩეული თავისუფალი ფანტაზიით, პოეტურობითა და თბილი იუმორით. მის დრამატურგიაში კომედიურის თავისებურებას მსუბუქი სევდითა და მელოდრამატული ინტონაციებით შეფერილი ექსცენტრიკის, პაროდიის, ზღაპრული ჰიპერბოლისა და ანეკდოტის ნაზავი განაპირობებს.

მ. კერესელიძე

გ-მ 1981 თბილისის ძვ. უბანში დააარსა მარიონეტების თეატრი, რ-ის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავად იყო. თეატრის მეშვეობით მან ერთ სივრცეში გააერთიანა თავისი მრავალმხრივი შემოქმედება – იგი თავად წერდა პიესებს და დგამდა თეატრის სცენაზე, ასევე ქმნიდა თოჯინებსა და დეკორაციებს. მარიონეტების თეატრის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია „ალფრედი და ვიოლეტა“ (1982; განახლდა 2021), „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (1982; განახლდა 2015), „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“ (1989), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (1985; განახლდა 2002), „სტალინგრადი“ (1998), „რამონა“ (2013). გ-ის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და არაერთ საერთაშ. ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ავინიონი, ედინბურგი, ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი, ჩარლსტონი, პეტერბურგი, მოსკოვი და სხვ. მისი გმირების საოცარი იუმორი, ხალასი ადამიანური სითბო და ჰუმანიზმი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი თეატრის ენა უნივერსალურია. 1983 გ-მ გადმოაქართულა თ. უაილდერის (აშშ) პიესა „ჩვენი პატარა ქალაქი“, რ-იც დაიდგა მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში და დღემდე რეპერტუარშია. საზღვარგარეთ განახორციელა რამდენიმე საერთაშ. თეატრ. პროექტი და თავისივე პიესების მიხედვით დადგა სპექტაკლები: „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“ (1993, თეატრი „ვიდი“, შვეიცარია), „ქუთაისი“ [(1992, დიჟონი, საფრანგეთი), ორივე დადგმაში მონაწილეობდნენ პ. ბრუკის დასის მსახიობები და უშუალოდ რეჟისორის მეუღლე, მსახიობი ნ. პარი], „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“ (2004, ნიუ-იორკი, მ. ბარიშნიკოვის ცეკვის ფონდთან ერთად). 2010-დან თეატრის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა გ-ის ესკიზების მიხედვით აგებული თეატრ. კოშკი საათით, რ-საც უამრავი მნახველი ჰყავს. 1952 გაიმართა გ-ს, როგორც მოქანდაკის, პირველი გამოფენა. სულ ჰქონდა 15 პერსონალური გამოფენა, მ. შ. პუშკინის მუზეუმში (მოსკოვი, 2012), მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოსკოვის მუზეუმში (2016) და სხვ. გ-ის ქანდაკებები ამშვენებს პეტერბურგსა და ოდესას. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში (ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ისრაელი, რუსეთი, საქართველო). შექმნილი აქვს რამდენიმე ფერწერული და გრაფიკული მხატვრული სერია: „გალაკტონი“, „პუშკინი“, „გოეთე“, „საადი“; მხატვრულად გააფორმა 40-ზე მეტი წიგნი, მ. შ. ტ. გუერას „ლომი ჭაღარა წვერით“ (1997), ა. ბიტოვის „პუშკინი საზღვარგარეთ, ნაწილი I: პუშკინი ესპანეთში“ (1989), „მეტამორფოზები“ (2008), მ. ჟვანეცკის „ერთი წელი ორად“ (1987), „თხზულებათა კრებული“ ოთხტომეული (2001), ი. ალეშკოვსკი „იუზ!” (2010). გ. დრამატურგიული მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ ლიტ. საქმიანობას. მისი ლიტ. ნაწარმოებებია: „შერეკილები“, „თეთრი ხიდი“, „ქუთაისი ქალაქია“, „ერმონია და რამონა“, „ექიმი და ავადმყოფი“, „ალილო“, „ტოპიარული ხელოვნება“, „გედევანი“. 2017 ფრანკფურტის წიგნის საერთაშ. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო გ-ის ლიტ. და ფერწერული შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი „გაბრიაძე – საქართველოს პოეტი, მხატვარი” (2017). გ. არის მრავალი საერთაშ. ჯილდოს მფლობელი. მიღებული აქვს საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი და პრემიები: „ტრიუმფი” (1996), „ოქროს სოფიტი“ (1997), „ცარსკოსელსკაია პრემია“ (1997), „ოქროს ნიღაბი“ (2017). 2016 მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლიტ.: ქუთაისი ქალაქია, თბ., 2002; შერეკილები, თბ., 2002, 2014; ჩიტო ГК-45-54 ანუ ექიმი და ავადმყოფი, თბ., 2003; ტოპიარული ხელოვნება, მოს., 2016; გედევანი, თბ., 2017; საშობაო მოთხრობები, თბ., 2017.

თ. თურმანიძე

რ. გაბრიძე თოჯინების თეატრი