გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე

გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე (1884, სოფ. ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა,– 3.I.1969) დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი.

უმაღლესი განათლება შვეიცარიაში მიიღო. სწავლობდა მედიცინას, საზ. მეცნიერებასა და ფილოსოფიას. პროფესიით ექიმი იყო. სულიერ და გონებრივ საზრდოს პოულობდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტ. ცხოვრებაში.

1918–21 იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ასევე საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1921 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა 1921–24 კონსტანტოპოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებელი და სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო. იგი თავისუფლად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ემიგრაციაში ყოფნის დროს აქტიურ დიპლომ. და საზ. საქმიანობას ეწეოდა.

1935–40 იყო სოციალ-დემოკრ. პარტიის ორგანოს „ბრძოლის ხმა“ მთავარი რედაქტორი. იგი აგრეთვე აქტიურად იყო ჩაბმული აგენტურულ საქმიანობაშიც ემიგრაციული მთავრობის სასარგებლოდ დოკუმენტებში იგი მოხსენიებულია შემდეგი პარტიული სახელებით: „ვახტანგი“, „ფარნაოზი“. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტ.: ქართველები უცხოეთში, წ. I (რ. დაუშვილი, გ. კალაძე, რ. კობახიძე და სხვ.), თბ., 2012, შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრატული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VI, თბ., 2005.

ლ. სარალიძე