გუდასტვირი, ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლური და რაჭული გ., აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშაური სტვირგუდა. გ. ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის საცავის რეზერვუარის – გუდისა და სტვირისაგან (იხ. ნახ.). გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან – ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან. ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ. ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჯვ. დედანს „მთქმელი" ჰქვია, მარცხენას – „ბანი". თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გ-ის სახეობაზე, მაგ., ქართლური და რაჭული გ-ის „მთქმელზე" ამოჭრილია 6, „ბანზე" – 3, აჭარულ ჭიბონზე – 5 და 3, მესხურზე – 5 და 5, ფშაურ სტვირგუდაზე 3 და 1 თვალი. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სტვირზე შემსრულებელს მესტვირე ჰქვია. სახალხო დღესასწაულებზე გ-ის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავდნენ. გ. სხვადასხვა სახელწოდებით, საქართველოს გარდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება.
ლიტ.: მსხალაძე ალ., ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან (ჭიბონი და მისი ტრადიცია აჭარაში), თბ., 1969; ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938; ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგ. 1, თბ., 1948.
კ. როსებაშვილი