გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე

გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე, (2.I. 1872 თბილისის გუბერნიის, დუშეთის მაზრის, სოფ. მცხეთა - 21.XII. 1939 ქ. მცხეთა) - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის არმიის შტაბს კაპიტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. გენ. ალ. გედევანიშვილის და პოლკ. ნ. გედევანიშვილის ძმა.

გ. 1905-1923 იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 რევოლუციაში. ამის გამო დათხოვნილი იქნა რუსეთის არმიიდან.

გ-ს 1906 წ. 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის ხაზინის ,,ექსპროპრიაციაში“ მონაწილეობისათვის.

1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ გ. ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. 1918 დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე.წ. ,,პარტიზანული რაზმის“ მეთაურია.

გ. ჯერ იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭოს პარლამენტად გადაკეთების შემდეგ გახდა საქართელოს პარლამენტის წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან.

1919 თებერვალში გ. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

1918-1921 მსახურობდა ქართულ ჯარში. გ. 1918 წ-ის აგვისტოდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი იყო.

გ. 1919 ბოლოს მეორე ქართული ეროვნული ბრიგადის უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. შემდეგ ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი.

1921 დასაწყისიდან გ. ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა. 1921 თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გენ. გ. სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1922-1923 ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა. 1923 წ. დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის.

1923-1926 იყო სამხ.-საგამომცემლო კოლეგიის თავ-რე. 1926-იდან თადარიგში გავიდა.

1926-1928 გ. იყო თბილ. სახელმწ. ოპერის თეატრის დირექტორი, 1928-1929 ამიერკავკ. რადიოგადაცემათა რწმუნებული. 1929-1939 გ. საქართვ. ცენტრ. სახელმწიფო არქივში მუშაობდა (ერთხანს არქივის დირექტორის მოადგილე იყო). გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის რევოლუციამდელი ქართული დრამის განვითარებაში. მან თავისი პირველი პიესა ,,მსხვერპლი“ ციხეში დაწერა. ეს პიესა პირველად 1911 წელს დაიდგა და მას შემდეგ ორი ათეული წლის მანძილზე სცენიდან არ ჩამოსულა. საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა სხვა პიესებმაც: ,,გამცემი“, ,,სინათლე“, ,,ოჯახი“. გ-ს კალამს ასევე ეკუთვნის მოთხრობები: ,,სიმართლე“, ,,გაიქცა“ და სხვა.

გ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის II ხარისხის ორდენით.

გ. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე.

თხზ.: მოთხრობანი, გორი, 1915; სამხედრო ხელოვნება საქართველოში, ტფ., 1915; მოთხრობები, ტფ., 1927; სამხედრო ხელოვნება ,,ვეფხისტყაოსანში“, ,,მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. 1, 1939.

ლიტ.: დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან. თბ., 2003. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., 2018.

უ. სიდამონიძე

პ. სურგულაძე