გელოვანი აკაკი პლატონის ძე

ა. გელოვანი

გელოვანი აკაკი პლატონის ძე (28. III. 1923, სოფ. ლალხორალი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი‒1996, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი.

დაამთავრა მესტიის პედ. ტექნიკუმი (1939), თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1950). პირველი ნაწარმოებები 1937 გამოაქვეყნა. 1953-იდან სისტემატურად იბეჭდებოდა გ-ის ლექსები, მოთხრობები, რომანები, პუბლიც. წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ისტ.-ბიოგრ. რომანებიდან აღსანიშნავია „დაფერფლილი დიდება“ (1961, 1966), „შოპენის გული“ (1961), „სვეტი ნათლისა“ (1965, 1979); ეკუთვნის სათავგადასავლო მოთხრობები: „ჯადოსნური მოგზაურობა“ (1959), „ქვედელების მხიარული თავგადასავალი“ (1964), „ბრონტოზავრების კვალზე“ (1982), წიგნი მსოფლიო ხელოვნ. კორიფეებზე „მარად ცოცხალი ხელოვნება“ (1975, 1980), ეპიგრამების კრებ. (სამ წიგნად, 1966, 1977, 1982), „ზღაპრები და იგავ-არაკები“ (1984), „ქრისტეს მოციქულები“ (1993), „ჰუჯაბი – ქართული ტაძარი“ (1993, გამოიცა ხუთ ენაზე), „ქართული ბალადები“, „იგავ-არაკები და მოთხრობები“ (1993), „სიბრძნის სიმფონია“, 1989 და სხვ. გ-მა თარგმნა შ. ცვაიგის „მაგელანი“ (1959), „დიდი ბალზაკი“ (1965), ჰ. ლაქსნესის „ისლანდიის ზარი“ (1965, ავტორის წინასიტყვაობით), ფ. ბოდენშტედტის „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1965), ა. გრიფიუსის „ქეთევან ქართველი“ (1965), რ. შუდერის „მიჯაჭვული ტიტანი“ (1967), გ. შვაბის „ოქროს საწმისი“ (1979), ე. მ. რემარკის „ტრიუმფალური თაღი“ 2009, 2015, 2017, აგრეთვე ი. ვ. გოეთეს, ჰ. ჰაინეს, გ. ლესინგის, ფ. შილერის, ა. მიცკევიჩის, გ. ვეერთის, ლ. ტაქსილისა და სხვათა ნაწარმოებები. ეკუთვნის აგრეთვე ესეები, ნარკვევები, პოპულ. ბროშურები და სხვ. 1983 გამოვიდა გ-ის მიერ შედგენილი ვრცელი მითოლ. ლექსიკონი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხ. ენებზე.

ა. მირიანაშვილი