გელოვანი არჩილ ვიქტორის ძე

ა. გელოვანი

გელოვანი არჩილ ვიქტორის ძე [14 (27). XI. 1915, სოფ. სპათაგორი, ლეჩხუმის მაზრა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 19. VIII. 1978, მოსკოვი, დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე], საინჟინრო ჯარების მარშალი (1977).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1936), ლენინგრ. ფ. ძერჟინსკის სახ. სამხ.-საზღვ. სასწავლებელთან არსებული მოკლევადიანი სასწავლებელი (1939). 1939-იდან იყო არმიაში. II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხ.-საზღვ. და საფორტიფიკაციო მშენებლობებს. 1945-იდან იყო შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1949-იდან იყო სამხ.-საზღვ. ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1953 აპრ-იდან კი – მისი უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში. 1962 მარტიდან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრ. აპარატში. 1964–69 იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხ. საბჭოს წევრი, 1969–71– სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, 1971–74 – სსრკ თავდაცვის სამინისტროს სახელმწ. ექსპერტიზის უფროსი. 1974–78 – სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხ. მშენებლობისა და ჯარების დაბინავების დარგში. სსრკ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის წევრი. ლენინური (1968) და სახელმწ. (1977) პრემიების ლაურეატი. უკრ. (1962) და რსფსრ (1971) დამს. ინჟინერი, სევასტოპოლის საპატიო მოქალაქე, რსფსრ VII–VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თბილისში არის მარშალ გელოვანის პროსპექტი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დგას მისი ბიუსტი (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი).

ლიტ.: მიშველაძე რ., აკაკი გელოვანი, წგ.: მინაწერი სატელეფონო წიგნზე, თბ., 1996. Татишвили И. П., Маршал инженерных войск А. В., Геловани, Тб., 1987.

ნ. კალაძე