გელოვანი გიორგი ბიძინას ძე

გ. გელოვანი

გელოვანი გიორგი (გოგი) ბიძინას ძე (I. II. 1924, თბილისი ‒ 2004, იქვე), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1965).

დაამთავრა საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1945). 1949-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობია, სადაც 100-ზე მეტი როლი შეასრულა, მ. შ. ბიჭიკო (მ. ბარათაშვილის „მარინე“), რევაზი (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), მირიანი (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გრაფი კენტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“), ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“), ჯიმშერ ხერგიანი (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), თენგიზი (ლ. თაბუკაშვილის „შენკენ სავალი გზები“), ალექსანდრე („ძველი ვოდევილები“ – ა. ცაგარლის ვოდევილი „ოინბაზი“) და სხვ. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გიორგი („დავით გურამიშვილი“, რეჟ-ები ნ. სანიშვილი , ი. თუმანიშვილი, 1946), თორნიკე და ყარაჩოხელი („ქეთო და კოტე“, რეჟ-ები ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანივილი, 1948), ჯოღორია („მაცი ხვიტია“, რეჟ. გ. შენგელაია, 1966), გირშელ ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1969), კოსტა ზარანდია („დათა თუთაშხია“ რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1977), თომა („წიგნი ფიცისა“რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე ა. დარსაველიძე, , 1983), თოფან-ბეგი („მევლუდი“, რეჟ ნ. სანიშვილი, 1985) და სხვ. გ. დაჯილდოებული იყო მუს. ნიჭით, სიმღერებს ასრულებდა სპექტაკლებსა და ფილმებში. არის ფილმის „ყვავილი თოვლზე“ სცენარის თანაავტორი (1959).

ა. გვენცაძე