გელოვანი მერი ავქსენტის ასული

გელოვანი მერი ავქსენტის ასული (5. XI. 1924, თბილისი, ‒ 5.VI. 2008, იქვე), პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987).

1946 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1969–74 იყო ბავშვთა სნეულებების პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის პროფესორი, 1974‒1994 სამედ. უნ-ტის პედიატრიული ფაკ-ტის ბავშვთა სნეულებების № 2 კათედრის გამგე. 1994-იდან – კათედრის პროფესორი.

გ. საქართველოში ბავშვთა ნეფროლოგიის პიონერია. შეისწავლიდა ბავშვთა თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიის ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას, ბავშვთა პნევმონიის სხვადასხვა კლინიკური ფორმის განვითარების მექანიზმებს და მკურნალობის პრინციპებს, ბავშვთა კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიას და სხვ.

თხზ.: დისტროფიულ ჩვილ ბავშვთა კუჭის სეკრეციის ზოგიერთი თავისებურება, თბ., 1963 (თანაავტ. ი. კვაჭაძე); გლომერულონეფრიტი ბავშვთა ასაკში, თბ., 1971 (თანაავტ. ი. რცხილაძე); გლომერულოპათია ბავშვთა ასაკში, თბ., 1988 (თანაავტ. თ. მეგრელიშვილი); Прогностическое значение данных клинико-иммунологических и цитоморфологических изменений периферической крови при острой пневмонии у детей раннего возраста, კრ.: Особенности патологических процессов в различные периоды детского возраста, Тб., 1984.                                                                                                                                                                                                             

ს. ბაქრაძე