გელოვანი ვიქტორ არჩილის ძე

ვ. გელოვანი

გელოვანი ვიქტორ არჩილის ძე (დ. 8. X. 1944, ქ. ნიკოლაევი, უკრაინა), მეცნიერი ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში. რუსეთის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1987). ტექ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1985). მოღვაწეობს მოსკოვში.

1967 დაამთავრა მოსკ. ფიზიკა-ტექ. ინ-ტი. 1967 – 74 მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. გამოყენებით მათ. ინ-ტში, 1974-იდან – მართვის პრობლემების ინ-ტში (მოსკოვი). 1975-იდან სისტემურ კვლევათა ინ-ტის განყ-ბის გამგეა. გ-ის შრომები ეხება საფრენი აპარატების მართვის, გლობალური სამანქანო მოდელირების, ექსპერტული სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის შექმნის საკითხებს. მის მიერ შემუშავებული სისტემური იმიტაციური მოდელირება|იმიტაციური მოდელირების კონცეფცია ითვალისწინებს ექსპერტების ცოდნის შინაარსობრივი მხარისა და რაოდენობრივი მოდელების შერწყმას ერთიან ადამიან-მანქანურ სისტემებში.

თხზ.: Человеко-машинная система моделирования процессов глобального развития, М., 1980.