გელოვანი მირზა გედეონის ძე

მ. გელოვანი

გელოვანი მირზა (რევაზ) გედეონის ძე (2. III. 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი, – VII. 1944, დაკრძალულია ბელორ. რესპ. ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რ-ნის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე), პოეტი.

დაწყებითი განათლება თიანეთში მიიღო. აქვე დაამთავრა პედ. ტექნიკუმი (1935). გ-ის პირველი ლექსი „თეთრი მიწა“ რ. გვენეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში „ლაშაური საღამოები“ (1935). გ. თბილისში 1936 ჩამოვიდა, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნ-ტში, მუშაობდა გამომც. „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935-იდან იბეჭდებოდა ჟურნ. „ჩვენ თაობაში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.

1939 მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტ. საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. ამავე წლის ნოემბერში წითელ არმიაში წავიდა. 27 წლის პოეტი II მსოფლიო ომის მიწურულს ბრძოლის ველზე დაეცა. გ-ის პირველი ლექსი დათარიღებულია 1933-ით, უკანასკნელი –1944-ით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი („თუშის ქალი წყაროზე“, 1936; „ფანდური“, 1938; „ცხრაკარა“, 1938; ბალადა „აონი“, 1937; „შავლეგო“, 1938; პოემა „შავნაბადა“, 1938 და სხვ.), ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც („ძმათა საფლავთან“, 1941; „მელოდე“, 1942; „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, 1943; „დედას“, 1943; „ჩემი ლექსები“, 1944 და სხვ.).

მისი რომანტ. ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ტემპერამენტით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით, რაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა სამიჯნურო ლექსებში („გზაში“, „იჯექი წყნარად“, „მახსოვს“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“ და სხვ.). გ-ს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართვ. კომკავშირის პრემია (1973), რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1975). ექვსგზის გამოიცა მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975). ითარგმნა რუს. და ბელორ. ენებზე.

თხზ.: ოცდაშვიდი გაზაფხული, თბ., 2001; 100 ლექსი, თბ., 2006.

ლიტ.: აგიაშვილი ნ., ჭაბუკები დარჩნენ მარად, თბ., 1972; მისივე, პირად-პირადი, თბ., 1986; რადიანი შ., თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბ., 1961; მირზა გელოვანი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1990. ივრისპირელი მზეჭაბუკი, თბ., 2008; ლექსთმცოდნეობა ‒ ეძღვნება მირზა გელოვანის ხსოვნას, თბ., 2017. ნ. აგიაშვილი.

259px|thumb|
მ. გელოვანის სახლ-მუზეუმი

მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, გ-ის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი პირველი ექსპოზიცია თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა 1977 და არსებობდა როგორც ამ მუზეუმის ფილიალი. 1980 გადაკეთდა გ-ის მემორიალურ სახლ-მუზეუმად. 1983-იდან სახლ-მუზეუმი გ-ის ბინაშია. ფონდში სულ 250 ექსპონატია, რ-თა უმრავლესობა შეგროვილია პოეტის მშობლიურ რ-ნში. სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX‒XXII ს.ს. ეთნოგრაფიული ხასიათის მასალა, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ფოტო. დოკ. მასალა და სხვ.

თ. გელოვანი