ბართაია ნომადი ევგენის ძე (დ. 16. IX. 1944, სოფ. ლეხაინდრაო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), მწერალი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი. პროფესორი (2008).
1966 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანული ფილოლოგიის განხრით. იმავე წლიდან 2019-მდე მუშაობდა თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე, ხოლო 1995-იდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტში. 2010-იდან არის საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყ-ბის ჟურნ. „კალმის“ რედაქტორი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი მხატვრული (პოეტური, პროზაული, ნათარგმნი) და სამეცნიერო სახის კრებული, სტატია თუ პოპულარული ხასიათის წერილი. მუშაობს ქართ.-ირანულ ლიტ.-ენობრივ და კულტ. ურთიერთობებში.
აღსანიშნავია ნაშრომები: გამოკვლევა „სპარსული კლასიკური ლირიკის ქართული თარგმანები“ (2010); «ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა, იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით» (2011), „ქართულ-ირანული ლიტერატურულ-ენობრივი ურთიერთობები“ (2014), „სპარსულიდან შემოსულ აღმოსავლურ თემატურ ნასესხობათა შესახებ ქართულში“ (2021) და სხვ.
ნაყოფიერად მუშაობს როგორც მთარგმნელი. თარგმნის სპარსული კლასიკური პოეზიის ავტორთა – რუდაქი სამარყანდელის, ომარ ხაიამის, ნასერ ხოსროვის, ჯალალ ად-დინ რუმის, ხაყანი შირვანელის, საადი შირაზელისა და სხვ. ნაწარმოებებს; თარგმანთა კრებულები: „რა საამოა დღეს შენი სახე, სპარსელი ლირიკოსები“ (1987), „სეიფ ჯაფარ შაჰიდი, ცხოვრება მუჰამადისა“ (2008), შაჰრიარის პოემის „სალამი ჰეიდარბაბას“ თარგმანი (2017) და სხვ.
მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახ. (2009), ილია ჭავჭავაძის სახ. (2020), აკაკი წერეთლის სახ. (2014) პრემიები;
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ შაჰრიარის საერთაშორისო პრემია (2016).
მ. თუშიშვილი