გელოვანი მიხეილ გიორგის ძე

მ. გელოვანი
მ. გელოვანი სტალინის როლში

გელოვანი მიხეილ გიორგის ძე [25. XII. 1892 (6. I. 1893), სოფ. სპათაგორი, ლეჩხუმის მაზრა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 21. XII. 1956, სოხუმი], მსახიობი და რეჟისორი.

საქართვ. (1946) და სსრკ (1950) სახ. არტისტი. სცენაზე პირველად 1912 გამოვიდა ბაქოს ქართ. დრამ. თეატრში. 1913–14 და 1916 იყო ბათ., 1914–15 – ქუთ. თეატრის მსახიობი. 1918–20 სწავლობდა თბილისში, გ. ჯაბადარის სტუდიაში. 1921– 22 და 1936– 39 იყო რუსთაველის სახ. თეატრის, ხოლო 1942–48 – მოსკ. სამხატვრო თეატრის მსახიობი. თეატრში შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი, მ. შ. ვასკა პეპელი (მ. გორკის „ფსკერზე“), გეგეჭკორი, თავადი კოწია (შ. დადიანის „გეგეჭკორი“, „გუშინდელნი“), გიორგი ბარათაშვილი (ნ. შიუკაშვილის „სულელი“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), შმაგა, არკაშა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, „ტყე“), სიმონი (ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“), პეტრუჩიო (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), სტალინი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“) და სხვ. როგორც რეჟისორს დადგმული აქვს ვ. შალიკაშვილის „გადაჭრილი მუხა“, ნ. შიუკაშვილის „სულელი“ და სხვ. 1924-იდან სახკინმრეწვში განასახიერა როლები: ბახვა ფულავა („სამი სიცოცხლე“, რეჟ. თ. პერესტიანი, 1924), ავალოვი („მეცხრე ტალღა“, რეჟ. ვ. ბარსკი, 1926), ტურიკო („ორი მონადირე“, რეჟ. ა. წუწუნავა, 1926), როსტომი („უკანასკნელი მასკარადი“, რეჟ. გ. ჭიაურელი, 1934), სპირიდონ ლომიძე („ნახვამდის“, რეჟ. გ. მაკაროვი, 1934), კირილე („ნარინჯის ველი“, რეჟ. ნ. შენგელაია, 1937) და სხვ. მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: „ავი სული“ (1927, პ. ბარხუდარიანთან ერთად), „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928), „ნამდვილი კავკასიელი“ (1931), „დამკვრელი“ (1931) და სხვ. განასახიერა სტალინის სახე სხვადასხვა კინოსტუდიის ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938; სსრკ სახელმწ. პრემია, 1941), „თოფიანი კაცი“ (1938), „ვიბორგის მხარე“, „ლენინი 1918 წელს“ (ორივე 1939), „ვალერი ჩკალოვი“ (1941), „ცარიცინის დაცვა“ (1942; სსრკ სახელმწ. პრემია, 1942), „ფიცი“ (1946; სსრკ სახელმწ. პრემია, 1947), „ბერლინის დაცემა“ (1950; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950), „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1951) და სხვ. გ. დაჯილდოებული იყო ხავერდოვანი ხმით, ჩინებული დიქციით, კარგი გარეგნობით, სცენური მომხიბვლელობით. მის როლებს ახასიათებდა მძაფრი ტემპერამენტი და ნატიფი იუმორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე