გენუელთა სავაჭრო ფაქტორიები შავიზღვისპირეთში XIII–XV სს-ში

გენუელთა სავაჭრო ფაქტორიები შავიზღვისპირეთში XIII–XV სს-ში, 1261 წ. 13 მარტის ნიმფეონის ხელშეკრულებით გენუის რესპუბლიკამ დას. ევროპის სხვა ქვეყნებს შორის განსაკუთრებული პრივილეგიები მოიპოვა შავიზღვისპირეთში. ამის შედეგად მისი სავაჭრო ფაქტორია-კოლონიები დაარსდა შავიზღვისპირეთის ცალკეულ პუნქტებში. შავიზღვისპირეთში გენუელთა მთავარი სავაჭრო კოლონია იყო კაფა (ახლანდ. ქ. ფეოდოსია). გენუელთა ხელში ფაქტობრივად გადავიდა სამხრ. ყირიმის სანაპირო. სხვაგან კი ისინი სრული სუვერენიტეტით არ სარგებლობდნენ. კოლონიებს ეკავათ გარკვეული კვარტალი ნავსადგურის ნაწილში. ზოგჯერ სავაჭრო ფაქტორიები კათოლ. ეკლესიის გარშემო გაერთ. თემებს წარმოადგენდა. ეს კოლონიები შინაგანი ავტონომიით სარგებლობდნენ. გენუელთა საქმიანობა ფაქტორიებში ძირითადად ფონდაკოსა (ქარვასლა) და ლოჯიის გარშემო მიმდინარეობდა.

XIV ს-ში და XV ს. I ნახევარში სავაჭრო ფაქტორიებს გენუის რესპ. მთავრობა მართავდა კაფის მეშვეობით. 1453 ეს ფაქტორიები გენუის, კერძოდ, ე. წ. „წმინდა გიორგის ბანკის“ ხელში გადავიდა. 1461 სამხრ. შავიზღვისპირეთში გენუელთა სავაჭრო ფაქტორია თურქ-ოსმალებმა დაიკავეს. 1475 თურქებს დანებდა კაფა. მალე მათ დაიკავეს გენუელთა ყველა სავაჭრო ფაქტორია და ბოლო მოუღეს გენუელთა სავაჭრო კოლონიზაციას შავიზღვისპირეთში. საქართველოში გენუელების ერთადერთი სავაჭრო ფაქტორია იყო ცხუმში (ახლანდ. სოხუმი), რ-საც ისინი ძვ. რომაულ სახელს – სებასტოს და სანსებასტოპოლისს, სევასტოპოლს უწოდებდნენ (წყაროებში გვხვდება აგრეთვე Porto Mengrella-ს სახელწოდებით). იგი დაარსდა 1354 საქართვ. ხელისუფლების ნებართვით. ცხუმის სავაჭრო ფაქტორიის გამგეობა შედგებოდა კონსულის, ნოტარიუსის და სასამართლოს მდივნისაგან. შემდეგ მათ დაემატა კიდევ ერთი წევრი. 1449 კაფის „წესდების“ მიხედვით, ცხუმის კონსული თავის სასარგებლოდ კრეფდა გენუელთა მიერ შემოტანილი და გატანილი საქონლის ღირებულების ერთ პროცენტს. ცხუმის კონსული თავისი ხარჯით ინახავდა ნოტარიუსს, მდივანს, თარჯიმანსა და შიკრიკს. 1374 ცხუმის ფაქტორიის სავაჭრო ბრუნვა 1200 კგ ვერცხლის ღირებულებას უდრიდა (შემდგომში ეს მონაცემები შემცირდა). გ. ს. ფ. შ. გაუქმდა 1474–75.

თ. ბერაძე