გეობოტანიკა

გეობოტანიკა (ბერძნ. gē – დედამიწა და ბოტანიკა), მეცნიერება დედამიწის მცენარეული საფარის შესახებ. მცენარეული საფარი ფიტოცენოზების ანუ მცენარეული თანასაზოგადოებების ერთობლიობას წარმოადგენს. ტერმინი „გ.“ შემოიღო გერმ. მეცნიერმა ა. გრიზებახმა 1866. შეისწავლის ფიტოცენოზებში მცენარეთა ურთიერთდამოკიდებულებას, ბუნებრივი მცენარეული საფარის ორგანიზაციას (შემადგენლობა, სტრუქტურა), პროდუქტიულობას, დინამიკას დროსა და სივრცეში, კლასიფიკაციის პრინციპებს. გ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მცენარეულობის კარტოგრაფირება და დარაიონება. გ. ჩაისახა უფრო ზოგადი მეცნიერების – ბოტან. გეოგრაფიის – წიაღში. ზოგიერთ ცნობას გ-ის შესახებ ვპოულობთ XVIII ს. ბოტანიკოსთა შრომებში, მაგრამ წერილების გამოქვეყნება სპეც. გეობოტან. მეთოდების გამოყენებით დაიწყო მხოლოდ XIX ს. I ნახევარში.

გ-ს საველე მეცნიერებას უწოდებენ. ველის პირობებში მიმდინარეობს ფიტოცენოლოგიური სიების შედგენა, ცენოზების ადგისამყოფლის დახასიათება, მცენარეულობის რუკების, პროფილების შედგენა და სხვ. გ. ფართოდ იყენებს მცენარეთა მორფოლ., ფლორისტიკის, ეკოლ., გეომორფოლ., ნიადაგთმცოდნეობის და სხვათა კვლევის მეთოდებს; დიდ როლს თამაშობს სახ. მეურნ. განვითარებაში, კერძოდ, შეისწავლის ბუნებრივ საკვებ-სავარგულებს, ტყეებს და სხვ.

საქართველოს მცენარეულობის პირველი აღწერა მოცემული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. მან გამოყო 10 სხვადასხვა მცენარეული ლანდშაფტი. პირველმა დაყო საქართვ. მცენარეული საფარი კულტ. და ველურ მცენარეთა ზონებად, მოგვცა მათი გეობოტან. აღწერა. მრავალმა უცხოელმა მკვლევარმა (ჯ. შარდენი, ჟ. ტურნეფორი, გ. რადე, ი. მედვედევი, ნ. კუზნეცოვი, ნ. ბუში და სხვ.) იმოგზაურა საქართველოში; მათი ჩანაწერები და შრომები ბევრ საინტერესო მასალას იძლევა საქართვ. ფლორის შესახებ. გ-ის განვითარება საქართველოში ძირითადად დაკავშირებული იყო სოფ. მეურნ. საკითხებთან, კერძოდ, ბუნებრივი საკვებ-სავარგულების შესწავლასთან. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. ტროიცკისა და პირველი ქართვ. გეობოტანიკოსების – ა. სანაძისა და ნ. კეცხოველის გამოკვლევები სათიბებისა და საძოვრების შესახებ. რესპუბლიკაში გეობოტან. კვლევა განსაკუთრებით გაფართოვდა ბოტან. ინ-ტის შექმნის (1933) შემდეგ. სამუშაოები ფლორისტიკულ გამოკვლევებთან ერთად მიმდინარეობდა და ფართო ბოტან.-გეოგრ. პროფილი ჰქონდა.

გეობოტან. გამოკვლევები საქართველოში ვითარდებოდა როგორც თეორ., ისე პრაქტ. მიმართულებით. პირველი სამუშაოები, რ-ებიც ტარდებოდა სხვადასხვა ვერტ. სარტყელში (ნახევრად უდაბნოდან დაწყებული ალპ. სარტყლის ჩათვლით), იყო წმინდა პრაქტ. ხასიათის და სრულდებოდა სხვადასხვა საწარმოო უწყების დაკვეთით. ასეთი სახის გამოკვლევები შესრულდა 20-იან წლებში ყარაიისა (ახლანდ. გარდაბნის) და გარეჯის სათიბ-საძოვრებზე. დიდი ყურადღება ექცეოდა მცენარეულობისა და ნიადაგის ურთიერთდამოკიდებულებას. 20-იანი წწ. დასასრ. და 30-იან წლებში გეობოტან. გამოკვლევებმა სამხრ. მთიანეთში გადაინაცვლა. სამუშაოები მიმდინარეობდა უფრო ფართო და სრული პროგრამით, თეორ. საკითხების გათვალისწინებით. მარშრუტულ გეობოტან. კვლევას დაემატა სტაციონალური და ნახევრად სტაციონალური დაკვირვებები. ჩამოყალიბდა კვლევის ორი მიმართულება: რეგიონალური და ფორმაციული. 30-იან წლებში ჩატარდა საქართვ. სათიბ-საძოვრების პირველი ინვენტარიზაცია, ხოლო 1947–51 ხელმეორედ შესრულდა ეს დიდი სამუშაო. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ნაშრომები, შედგა გეობოტან. რუკები. ქართვ. გეობოტანიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს ყოფ. სსრკ ევრ. ნაწილის მცენარეულობის რუკისა და მისი ლეგენდის შედგენაში, რისთვისაც 1950 მ. სახოკიას მიენიჭა ვ. კომაროვის სახ. პრემია.

საქართვ. მცენარეული საფრის შესწავლას მიეძღვნა ნ. კეცხოველის ორი წიგნი – „საქართველოს მცენარეულობის ტიპები“ (1935), „საქართველოს მცენარეული საფარი“ (1960).

60-იანი წლებიდან გაფართოვდა გამოკვლევები საქართვ. და კავკ. ძირითადი მცენარეული ფორმაციების შესასწავლად. გამოქვეყნდა მონოგრაფიები: კ. ქიმერიძის „კავკასიონის ლერწამქუჩიანი მდელოები“ (1965), მ. სოხაძის „აღმოსავლეთ საქართველოს უროიანი ველის მცენარეთა ეკოლოგიურ-ბიოლოგიური და ცენოლოგიური თავისებურებანი“ (1977).

დამუშავებულია ღონისძიებები საქართვ. ბუნებრივი სავარგულების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით (შ. ნახუცრიშვილი, „საქართველოს მაღალმთის საძოვრების მოსავლიანობის დინამიკა“, 1963; ლ. ყავრიშვილი, „ბუნებრივი საკვები სავარგულები. სათიბები და საძოვრები“, 1965).

საქართველოში განხოცრიელდა კავკასიის მაგალითზე მთიანი ქვეყნების გეობოტან. დარაიონებისა (ა. დოლუხანოვი, მ. სახოკია, „ამიერკავკასიის გეობოტანიკური დარაიონების ცდები“, 1941; ი. თუმაჯანოვი, „მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთის დანაწევრებული გეობოტანიკური დარაიონების ცდები“, 1963) და ტყეების კლასიფიკაციის [ა. დოლუხანოვი, „კოლხეთის ქვეტყე (თანამედროვე პოზიციები კავკასიის ტყეებში, ბოტანიკურ-გეოგრაფიული კავშირები და წარმოშობის საკითხები)“, 1980; „საქართველოს ტყის მცენარეულობა“, I ნაწ., 1989; რ. ქვაჩაკიძე, „მთავარი კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთის მაღალმთის ტყეები და მათი ცვლის ძირითადი მიმართულებები“, 1979] თეორ. და მეთოდოლ. საკითხების დამუშავება.

70-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო მაღალმთის მცენარეულობის ეკოლ.-გეობოტან. გამოკვლევები თანამედროვე საველე ხელსაწყოების გამოყენებით.

გ. ნახუცრიშვილი