გეოგრაფიული რუკები

alt text

გეოგრაფიული რუკები, დედამიწის ან მისი ნაწილის შემცირებული, განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. მათი შინაარსი გამოისახება სპეციალურ კარტოგრაფიულ ნიშანთა სისტემით. გამოსახვის შინაარსი და მისი დეტალურობა დამოკიდებულია რუკის მასშტაბზე. გ.რ. შინაარსის მიხედვით ორგვარია: ზოგადგეოგრაფიული და თემატური. ზოგადგეოგრ. რუკებზე მოცემულია ადგილმდებარეობის ელემენტების (რელიეფი, წყალი, ნიადაგ-მცენარეული საფარი და სხვ.) ერთობლიობა. (ზოგადგეოგრ. რუკებს მიეკუთვნება ტოპოგრაფიული რუკებიც). თემატურ რუკებზე კი დეტალურად არის მოცემული რუკის შინაარსის ის ელემენტი ან მოვლენა, რ-იც ზოგადგეოგრ. რუკაზე არ არის ნაჩვენები (ჰაერის ტემპ-რა, მოსახლ. სიმჭიდროვე, და მიგრაცია, სას.-სამ. სპეციალიზაცია, სეისმური მოვლენები და სხვ.).

საქართველოში გ. რ-ის შედგენის საწყისები დაუდგენელია, თუმცა ისტ. წყაროები მიგვანიშნებს რუკების შედგენის ტრადიციებზე, რ-ის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალებიდან ჩვენამდე მოღწეულია არჩილ II-ის მიერ შედგენილი საქართვ. რუკა (1703), კავკ. რუკა (1723), რ-ის შედგენაში სულხან-საბა ორბელიანის მასალებია გამოყენებული, და იმერეთის რუკა, რ-იც 1737 შეადგინა ტ. გაბაშვილმა. რუსეთის გეოგრ. საზ-ბის არქივში დაცულია ცნობა, რომ ვახტანგ VI პირადად მუშაობდა საქართველოს და სომხეთის რუკების შედგენაზე.

საქართველოში არსებულ კარტოგრაფიულ ტრადიციებზე აღმოცენდა ვახუშტი ბატონიშვილის გ. რ-ის კრებული ორი ხელნაწერი ატლასის სახით (1735 და 1745). ქართვ. მეცნიერის ამ ნამუშევრებს მთელი საუკუნის მანძილზე ფართოდ იყენებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და დას. ევროპაშიც. XIX ს. 50-იან წლებში რუს. სამხედრო უწყებამ ჩაატარა კავკასიის ტერიტ. ნახევარ, ერთ და ორვერსიანი მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვა; XX ს. დასაწყისში კი დამთავრდა კავკ. პირველი ხუთვერსიანი რუკის შედგენა, რ-ის 58 ფურცლიდან 11 საქართველოს ტერიტ. მოიცავს.

1930-იან წლებში ა. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა საქართველოს საზოგადო რუკა (მასშტაბი 1:200000). შემდგომ წლებში კარტოგრაფიული მუშაობა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა, შეიქმნა თემატური რუკების სერია. არაერთგზის გამოიცა საქართვ. ფიზიკური, პოლიტიკურ-ადმ., ეკონომიკურ ლანდშაფტური და სხვა რუკები. 1964 ქართ. და რუს. ენებზე გამოვიდა „საქართველოს სსრ ატლასი“–სამეცნ.-საცნობარო ხასიათის პირველი კომპლ. კარტოგრაფიული ნაწარმოები, რ-ის ავტორთა ერთ ნაწილს (ა. ჯავახიშვილი, თ. დავითაია, ა. ასლანიკაშვილი, გ. გველესიანი, ვ. ჯაოშვილი, ლ. ვლადიმიროვი, მ. კორძახია) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). 1989 გამოიცა „საქართველოს კურორტოლოგიისა და საკურორტო მეურნეობის ატლასი“ რომელიც შედგენილია კურორტოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. 1992 გამოვიდა „საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი“ (შემდგენლები: რ. კვერენჩხილაძე, თ. კიკნაძე, დ. უკლება, ი. ქართველიშვილი, შ. ყიფიანი, შ. ჯავახიშვილი) – საქართვ. სახელმწ. პრემია (1994). 1997 გეოგრაფიის ინსტიტუტმა აღნიშნა ვახუშტი ბაგრატიონის დაბადებიდან 300 წლის იუბილე და გამოსცა „საქართველოს ატლასი“, რომელიც მიუძღვნა ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას. 2012 საქართველოს მეორე ეროვნული ატლასი გამოიცა. 2018 გამოვიდა „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“, და იმავე წელს გამოიცა მისი გადამუშავებული ვერსია ინგლისურ ენაზე (NACIONAL ATLAS OF GEORGIA“, 2018), საქართველოს საცნობარო გეოგრაფიული ატლასი, 2018. გეოგრაფიული რუკების ბეჭდვა ხდება ქ. თბილისის შპს კარტოგრაფიულ ფაბრიკაში, სადაც იბეჭდება მსოფლიოს და საქართველოს სასწავლო რუკები და ატლასები.

ლიტ.: მათურელი ი., ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა, თბ., 1990; მისივე, Материалы по грузинской картографии, Тб., 1961.

ი. მათურელი

ც. ვაშაკიძე