გეოდეზიური განათლება

გეოდეზიური განათლება, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტთა მომზადების სისტემა.

საქართველოში გ. გ-ის ფუძემდებელია ა. ბენაშვილი. გეოდეზიის სწავლება სხვადასხვა ფაკ-ტის სტუდენტებისთვის დაიწყო თსუ-ში 1922, გეოდეზიას ძირითადად სწავლობენ საქართვ. ტექ. უნ-ტის სამთო-გეოლ., სამშენებლო, სატრანსპორტო და არქიტექტურის ინ-ტებში. ტექ. უნ-ტის სამთო-გეოლ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტში ამზადებენ სამთო ინჟინერ-მარკშეიდერებს (1938-იდან) და ინჟინერ-გეოდეზისტებს (სპეციალობა გაიხსნა ნ. თევზაძის თაოსნობით 1978-იდან). კარტოგრაფიაში სპეციალიზაციას ეუფლებიან თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე. მიწათმომწყობებს ამზადებენ საქართვ. აგრ. უნ-ტში. გეოდეზიას ასწავლიან სამხატვრო აკადემიაში და მრავალ კომერც. უმაღლეს სასწავლებელში. გეოდეზიურ ციკლში შემავალი დარგების საშ. განათლების მქონე სპეციალისტებს ამზადებდა თბილ. ა. ბენაშვილის სახ. ტოპოგრაფიული ტექნიკუმი. შემდეგ ტექნიკუმი გადაკეთდა კოლეჯად და 90-იან წლებში ტოპოგრაფიული ტექნიკუმის დახურვის შემდეგ, თბილისსა და საქართ. სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა ერთ და ორ სემესტრიანი სასწავლებლები, სადაც ძირითადად საამზომვლელო საქმეს ასწავლიან. რომლებმაც ჩაანაცვლეს ტოპოგრაფიული ტექნიკუმის საქმიანობა. ამჟამად გეოდეზიის სპეციალისტებს ამზადებს საქ. ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც ისწავლება გეოდეზია, სამარკშეიდერო საქმე, საინჟინრო გეოდეზია და ტოპოგრაფია.

ლიტ.: აბაშიძე ვ., გეოდეზიური გრავიმეტრიის მოკლე კურსი, თბ., 2004., ერქომაიშვილი ი, სამარკშეიდერო საქმე, თბ.,2016; თევზაძე მ., მესხი მ., გამოყენებითი გეოდეზიის კურსი (ორ ნაწილად), თბ., 2011–12; თევზაძე მ., ცუცქირიძე ს., გეოდეზია ტოპოგრაფიის საფუძვლებით, თბ., 2018; ქვაცაბაია ფ., მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაცია, თბ., 2018.

მ. თევზაძე