გეოლოგიური განათლება, სპეციალისტ გეოლოგთა მომზადების სისტემა. გ. გ., როგორც უმაღლესი განათლების სისტემა, ჩამოყალიბდა XIX ს. II ნახევარში, როდესაც სამთო განათლება დაიყო დამოუკიდებელ სამთო, გეოლ. და მეტალ. განათლების სისტემებად. საქართველოში გ. გ-ს საფუძველი ჩაეყარა თსუ-ში. 1919 დაარსდა მინერ. და პეტროგრაფიის კათედრა (1919 – 57 გამგე – ა. თვალჭრელიძე), 1920 – გეოლ. და პალეონტოლ. კათედრა (1920 – 24, გამგე – ნ. ყიფიანი; კათედრის რეორგანიზაციისა და გაფართოების შემდეგ 1924–72 – ა. ჯანელიძე). თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ გეოლოგთა მომზადება მიმდინარეობდა საბუნებისმეტყველო ფაკ-ტებზე, (ზოგადი საბუნებისმეტყველო განათლების ფარგლებში, სათანადო სპეციალიზაციით. ინჟინერთა (მ. შ. ინჟინერ-გეოლოგთა) პირველი გამოშვება 1928 ჩატარდა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტზე (აქ 1926 დაარსდა გამოყენებითი გეოლ. კათედრა, 1926–37 გამგე – კ. გაბუნია). 1928-იდან გამოყენებითი გეოლ. კათედრა გადავიდა ახლადაარსებულ საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. 1928 ა. თვალჭრელიძისა და ა. ჯანელიძის ხელმძღვანელობით ინ-ტში გაიხსნა შესაბამისი კათედრები. 1954 დაარსდა ჰიდროგეოლ. და საინჟინრო გეოლ. (გამგე 1954 – 74 – ი. ბუაჩიძე), 1955 – ნავთობისა და აირის გეოლოგიისა და დაზვერვის (გამგე 1955–87 – ა. ლალიევი) კათედრები, 1930–32 ინჟინერ-გეოლოგთა მომზადება მიმდინარეობდა პოლიტექ. ინ-ტის რამდენიმე ინ-ტად გაყოფის შემდეგ დაარსებულ ამიერკავკ. სამთო-ქიმ. ინ-ტში, 1933–36 – ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტში, ხოლო 1936-იდან საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (ამ ინ-ტში არსებული სამთო-გეოლ. ფაკ-ტი 1968-იდან გაიყო დამოუკიდებელ სამთო და გეოლ. ფაკ-ტებად). თსუ-ში დამოუკიდებელი გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი დაარსდა 1934. გეოლოგთა პირველი გამოშვება იყო 1936.
ამჟამად საქართველოს ტექ. უნ-ტის სამთო-გეოლ. ფაკულტეტი ამზადებს შემდეგი სპეციალობის ინჟინრებს: გეოლოგიური აგეგმვა და ძებნა-ძიება; ჰიდროგეოლოგია და საინჟინრო გეოლოგია; სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიება, ტექნიკა და ტექნოლოგია, სამშენებლო მოსაპირკეთებელი, საიუველირო ქვების შესწავლა, მყარი და თხევადი საბადოების დაძიება, და მარაგების გამოთვლა, ეკონომიკა და მართვა სამთო საქმესა და გეოლოგიაში და გეოტურისტული მარშრუტების დაგეგმვა. თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე გეოლოგებს ამზადებენ 2 სპეციალობით: გეოლ. აგეგმვა და ძებნა-ძიება. გეოლ. დისციპლინები ისწავლება თსუ-ისა და საქართვ. ტექ. უნ-ტის ზოგიერთ ფაკ-ტზე, პედ. ინ-ტებში.
ვ. ჯავრიშვილი