აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე [10 (23). XI. 1909, ხონი, – 14. I. 1992, თბილისი], პოეტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ქართ. ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1966–92), 1939–44 იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, 1953–66 – პირველი მდივანი, 1966–67 – გამგეობის თავ-რე, 1968–70 – სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი; საქართვ. მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970–76); საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის თავ-რე (1963–85); სრულიად საქართვ. რუსთაველის საზ-ბის პირველი თავ-რე (1988); რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1965); საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988), ჯ. ნერუს სახ. საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (1972), თბილისის საპატიო მოქალაქე (1980).
ა-მ დაწყებითი განათლება მიიღო ხონში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1931). რედაქტორობდა ჟურნ. „ჩვენს თაობას“ (1938–39), „მნათობს“ (1946–53). ა-ის პირველმა ლექსებმა, რ-ებიც 1928–29 იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება პოეტური ხმის ძალით, ნათელი სახეებით, ორატორული ინტონაციით. ა-ის პირველი კრებულებია „რამდენიმე ლექსი“ (1932), „ახალი ლექსები“ (1938), „ლექსები“ (1941), პოემა „წულუკიძის სიკვდილი“ (1940). 1941–45 ომის პერიოდის აღიარებული ლექსები: „კაპიტანი ბუხაიძე“ და „ლესელიძის ხსოვნას“ თავდაპირველად საფრონტო გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა. ომისშემდგომი ლექსები პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას გამოხატავს, ისინი სავსეა „კაენის სულის აღზევებით“, მოგვრილი ტკივილებითაც, ეჭვებითაც და ნათელი ხილვებითაც.
ა-ის ინიციატივით 1960 განხორციელდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია (ა. შანიძე, ი. აბაშიძე, გ. წერეთელი), რ-მაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მიაკვლია შოთა რუსთაველის ფრესკას. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია პოეტმა უმაღლეს შემოქმედებით მწვერვალს და თვალსაჩინოდ გამოიხატა მიბრუნება დიდი და დახვეწილი პოეზიის სათავეებისაკენ. აქედან დაედო სათავე მის ფილოს. ლირიკას. ციკლი საერთო სათაურით „მიახლოება“ (1957–59; 1969) შემოქმედებითი განახლების მაუწყებელი იყო. ლექსების კრებული „რუსთაველის ნაკვალევზე“, აერთიანებს რამდენიმე ციკლს: „მწველ ინდოეთში“ (1959; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახ. პრემია, რ-იც 1972 გადასცა ინდირა განდიმ) და „პალესტინა, პალესტინა!“ (1963; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1965), რ-იც ქართ. ფილოს. და პატრ. ლირიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ხოლო რამდენიმე ლექსი – „ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან“, „ხმა ზეთისხილის ბაღში“, „ხმა კატამონთან“, „ხმა გოლგოთასთან“ – პოეტური შედევრების რიგს მიეკუთვნება. ეს ციკლი, რ-მაც საყოველთაო აღიარება მოუტანა პოეტს სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რუსთაველს ეძღვნება და წარმოდგენილია პოეტის შინაგანი მონოლოგებითა და ლოცვის ღაღადისით. ლოცვისა და ფიქრის დროს წარმოთქმული დიდი ემოციური ძალით მჟღერი ეს ხმა – აღსარება – მაღალი მოქალაქეობრივი, პატრ.-ზნეობრივი, ფილოს. მსოფლ-მხედველობით, ეჭვებითა თუ მაძიებლური სულისკვეთებით, თანამედროვეობისა და ისტორიზმის ღრმა გრძნობითაა გაჯერებული.
ა-ის პირადი ინიციატივით 1966 გაიმართა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი დიდი იუბილე, რ-მაც საერთაშ. მასშტაბი მიიღო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართ. პოეტური სიტყვის, ზოგადად, ქართ. კულტურის საყოველთაო აღიარების ახ. ტალღის წარმოქმნაში.
ა-ს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე ლირ. ციკლი: „მონადირის ღამეები“, „ჰყვავის გურია“, „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, „მონოლოგი აჩრდილებთან“, „ქარები რიონის ხეობაში“, საბავშვო ლექსები და პოემები („რას გადაურჩა თბილისი“ 1955 და სხვ.). მის ბოლო პერიოდის ლექსებში სიცოცხლის სიყვარული, მოუღლელი სულის ენთუზიაზმი შეთავსებულია ფილოს. აზრის სიღრმესთან. წიგნისათვის „ოცი ლექსი გალაკტიონ ტაბიძეს“ (1986) მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია (1987). ა. ავტორია ლიტ.-კრიტ. წერილებისა; თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, ი. ვაზოვის, ხ. ბოტევის, ვ. მაიაკოვსკის, კ. ჩუკოვსკის, ა. ისააკიანის და სხვათა ნაწარმოებები. მონაწილეობდა აზიისა და აფრიკის მწერალთა კონგრესების მუშაობაში. დაწერა მოგზაურობის შთაბეჭდილებათა ამსახველი ნაწარმოებები: „ევროპა თვალის ერთი გადავლებით“, „ამერიკა თვალის ერთი გადავლებით“ (1960), „პალესტინის დღიური“ (1961) და სხვ. ა-მ თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში დაასრულა მოგონებები – „ზარები 1930-იანი წლებიდან“, რ-იც 1992 წელს გამოქვეყნდა. უაღრესად ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ა. უთავსებდა დიდ სახელმწიფოებრივ და საზ. საქმიანობას. იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი (1965–88); მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა-ის ლექსები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. რუსულად მისი პირველი მთარგმნელია ბ. პასტერნაკი, გერმანულად თარგმნა ჰ. ბუდენზინგმა. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1975-77; ერთტომეული, თბ., 1981; თუ ხარ ნამდვილი. ასი ლექსი, თბ., 1984; ირაკლი აბაშიძე, თბ., 2022; რჩეული, თბ., 1989; სიტყვები, გზები, სახეები, თბ., 1971; ზარები ოცდაათიანი წლებიდან (მოგონებები). «მნათობი», 1992, Nº 1; Избранное, вступ. Статья Н. Тихонова, М., 1979; Избранное, предисл. В. Кожинова, М., 1989; О поэзии. Статьи, воспоминания, очерки, М., 1985.
ლიტ.: გამსახურდია კ., პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, რჩეული თხზულებანი, ტ. 7, თბ., 1965; გვერდწითელი გ., მოვხუცდეთ, მაგრამ მოვკვდეთ მგოსნებად, წგ.: შორეულნი და ახლობელნი, თბ., 1984; „ზარები 1930-იანი წლებიდან“, ჟურნ. „მნათობი“, 1992; ირაკლი აბაშიძე – 90, თბ., 1999; მეტრეველი ს., ეპოქის პოეტური ისტორია, ჟურნ. „ლიტერატურული ძიებანი“, თბ., 2015, N36; ნატროშვილი გ., სიტყვა ირაკლი აბაშიძეზე, თბ., 1969; ნუცუბიძე შ., პოეტური სპეკალია, წგ.: შოთა რუსთაველის სახ. პრემიის პირველი ლაურეატები, თბ., 1965; ცხადაია ზ., ირაკლი აბაშიძის ლირიკა, თბ., 1986; "ირაკლი აბაშიძე", რედაქტორი ვ. ასათიანი; გამომც. "პოლარის პრინტი", 2022.
გ. გვერდწითელი
ირაკლი აბაშიძე კითხულობს ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“ - „ხმა კატამონთან"