გაბიძაშვილი ენრიკო პარმენის ძე

გაბიძაშვილი ენრიკო პარმენის ძე (30. I. 1931, თბილისი - 18. XII. 2021, იქვე), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1980).

1953 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, 1960-იდან იყო კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინ-ტი) თანამშრომელი, კერძოდ: 1960-70 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-86 - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-96 - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2001 - მეცნიერული ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყ-ბის ხელმძღვანელი; 2002-05 - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-09 - მეცნიერ-კონსულტანტი; 2010-15 - მთავარი სპეციალისტი; 2015-21 სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ინფორმაციის განყ-ბის ხელმძღვანელი. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის დამოუკიდებელ ინ-ტ "რიტორიკაში" (1991-93): თბილისის დ. გურამიშვილის სახ. პედ. კოლეჯში (1994-96): სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტსა და თბილისის სას. აკადემიაში.

გ-ის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა: ძვ. ქართ. ნათარგმნი და ორიგინ. მწერლობა; ქართ.-ბიზანტიური საეკლ. მწერლობათა ურთიერთობა; კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია. დიდი შრომა გასწია ენციკლოპედიური სფეროს მიმართულებით. ამ დარგში მისი პირველი ნაშრომია (თანაავტორი) „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (2007). რუსულ „Православная Энциклопедия“-ში დაიბეჭდა მისი სტატიები საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართ. სას. მწერლობის სხვადასხვა საკითხის, ავტორთა და მთარგმნელთა შესახებ (2001-14); იტალიურ ენციკლოპედია „დეი სანტიში“ (Le chiese Orientali) გამოქვეყნდა გ-ის სტატიები საქართველოს ეკლესიის კალენდარში შეტანილ ქართველ წმინდანთა შესახებ (1991-94), ინგლისურენოვან ენციკლოპედიაში „Christian-Muslim Relation“ (CMR) კი - არსენ იყალთოელის შესახებ (2011).

დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული პრემიით (2015) „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლების“ ექვსტომეულისათვის (2004-12); ღირსების ორდენით (2021).

თხზ.: სვინაქსარული რედაქციები XI-XVIII სს. (შემდგენელი), თბ., 1968; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. 3, მეტაფრასული რედაქციები, XI-XIII სს. (შემდგენელი), თბ., 1971; რუის - ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978; წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში (შემდგენელი), თბ., 1991; ძველი ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერთა კლასიფიკაცია და ბიბლიოგრაფია, თბ., 2018.

ს. მეტრეველი