გეოლოგიური რუკა

გეოლოგიური რუკა, დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის გეოლოგიური აგებულების კარტოგრაფიული გამოსახულება რუკაზე, რომელიც შედგენილია ტოპოგრ. რუკის საფუძველზე აღნიშნულ გეოლ. მონაცემების (მაგმური, დანალექი ან მეტამორფული ფორმაციების გავრცელება, შედგენილობა, ასაკი, ურთიერთდამოკიდებულება, სტრუქტურა) მიხედვით.

გ. რ-ებს ახლავს ლეგენდა რუკაზე მოცემული პირობითი აღნიშვნების განსამარტავად, გეოლ. ჭრილები (პროფილები) ტერიტ. სიღრმული აგებულების საილუსტრაციოდ, ზოგჯერ გეოლ. აგებულების განმაზოგადებელი სურათი სვეტის სახით. ზოგადგეოლ. შინაარსის გ. რ-ების გარდა არსებობს ფორმაციული, ლითოლოგიური, ტექტონ., მეტალოგენიური, სასარგებლო წიაღისეულისა და სხვ. საქართველოს ტერიტ. გეოლ. კარტოგრაფირება პირველად დაიწყეს XIX ს. 40-იან წლებში. კავკ. ტერიტ. პირველი გეოლ. რუკა გამოქვეყნდა შვეიცარიელი მოგზაურისა და გეოლოგის ფ. დიუბუა დე მონპერეს ატლასში, რ-იც მის მრავალტომიან ნაშრომს დაერთო. გეოლ. კარტოგრაფირების შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია ვ. ჰ. აბიხის და კავკ. სამთო სამმართველოს გეოლოგების სამეცნ. მოღვაწეობასთან. ამ სამმართველოს პერიოდულ ორგანოში „Материалы для геологии Кавказа“ (1869–1916) გამოქვეყნდა კავკ. მრავალი რეგიონის გეოლ. აღწერა, რ-საც, როგორც წესი, ერთოდა 1:210000 მასშტაბის გ. რ-ები. XIX ს. II ნახევარში გამოქვეყნდა აგრეთვე ე. ფავრის (მასშტაბი 1:565000, 1875) და ე. ფურნიეს (მასშტაბი 1:420000, 1896) კავკასიონის ცენტრ. ნაწილის და მისი მიმდებარე სამხრ. რეგიონების გ. რ-ები. კავკ. სათმო სამმართველოს და სხვა დაწესებულებათა გეოლოგების მუშაობის გარკვეულ შეჯამებას წარმოადგენდა ნ. ლებედევის მიერ გამოცემული კავკ. გ. რ-ები (მასშტაბი 1:2600000; 1908 და მასშტაბი 1:1680000, 1912, გადამუშავებული ვ. ბოგაჩოვის, ლ. კონიუშევსკის და ე. კრუგის მიერ).

შემდგომ პერიოდში დაიწყო საქართვ. ტერიტ. გეოლ. კარტოგრაფირების თვისებრივად ახ. ეტაპი. დამთავრებულია წვრილ და საშუალომასშტაბიანი გ. რ-ების შედგენა. გამოცემულია 1:500000 და 1:200000 და ნაწილობრივ (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა) 1:50000 მასშტაბის გ. რ-ები განმარტებითი ბარათებით. დაწყებულია სამუშაოები 1:25000 მასშტაბის სახელმწ. გ. რ-ების შესადგენად. მიმოხილვითი გ. რ-ები (საკუთრივ გეოლ. და ტექტონ., მასშტაბი 1:600000). დაერთო საქართვ. გეოლ. აგებულების ამსახველ შემაჯამებელ ნაშრომს (Геология СССР, т. Х – Грузинская ССР, ч. 1. Геологическое строение, М., 1964). მათ საფუძველზე გამოვიდა აგრეთვე საქართვ. სასწავლო გეოლ. და ტექტონ. რუკები (1974, მასშტაბი 1:600000).

უკანასკნელ წლებში გამოცემულია მთელი რიგი 1:1000000 მასშტაბის სპეც. დანიშნულების რუკები: კავკ. ტექტონ. რუკა (1974), კავკ. გეოლ. ფორმაციების რუკა (1976), კავკ. მეტალოგენიური რუკა (1977), კავკ. მადნეული ფორმაციების რუკა (1977) და კავკ., ყირიმისა და კარპატების მეტალოგენიური რუკა (1987).

2020 გამოიცა საქართველოს ციფრული ინტერაქტიული 1:200000 მაშტაბის გეოლოგიური რუკა.

ვ. ზესაშვილი