გეომორფოლოგია

გეომორფოლოგია (ბერძნ. gē – დედამიწა, morphē – ფორმა და logos–სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება დედამიწის ზედაპირის კონტინენტური ნაწილისა და მსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფის შესახებ.

შეისწავლის რელიეფის გარეგან სახეს, მის წარმოშობას, ასაკს, განვითარების ისტორიას, თანამედროვე დინამიკას, ცალკეული ფორმების შეხამებისა და გავრცელების კანონზომიერებებს. რელიეფი, როგორც გეოგრ. გარემოს ერთ-ერთი კომპონენტი, მოქმედებს ბუნებრივი კომპლექსის სხვა კომპონენტებზე და თვითონაც განიცდის მათ გავლენას, ამიტომ გ-ს მჭიდრო კავშირი აქვს დედამიწის ქერქის, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შემსწავლელ მეცნიერებებთან. არჩევენ ზოგად, კერძო, რეგიონულ, პლანეტურ და გამოყენებით გეომორფოლოგიას, რ-თაგან თითოეული შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფს გარკვეული თვალსაზრისით. გ. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება შეიქმნა XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში. ტერმ. „გემორფია“ პირველად (1893) იხმარა უ. დაუსონმა. რუს. ლიტ-რაში სახელწ. „გ.“ შეიტანა ვ. ლასკარევმა (1914). თავიდან ჩამოყალიბდა ორი გეომორფოლოგიური სკოლა – ამერიკის (უ. დევისი) და ევროპის (ფ. რიხტჰოფენი, ა. და ვ. პენკები). რუსეთში გ-ის ფუძემდებლები იყვნენ პ. სემიონოვ-ტიანშანსკი, დ. ანუჩინი, ვ. ობრუჩევი და სხვ. შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ა. ბორზოვმა, ი. შჩუკინმა, ა. გრიგორიევმა, კ. მარკოვმა, ი. გერასიმოვმა, ქართვ. გეოგრაფებმა ა. ჯავახიშვილმა, ლ. მარუაშვილმა, დ. წერეთელმა და სხვ. საქართვ. რელიეფის პირველი საკმაოდ ვრცელი აღწერილობა მოცემულია ბატონიშვილი ვახუშტი|ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (XVIII ს. I ნახ.). პირველი ცნობები საქართვ. გ-ის შესახებ გვხვდება კავკ. მკვლევრების ა. რეინგარდის, ი. შჩუკინის, ს. კუზნეცოვის და სხვათა შრომებში. საკუთრივ საქართვ. გეომორფოლოგიური გამოკვლევები დაიწყო XX ს. 20-იანი წლებიდან. 1926 ა. ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა „საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1 – გეომორფოლოგია“. მანვე გამოსცა მონოგრაფია „საქართველოს სსრ გეომორფოლოგიური რაიონები, რელიეფის ტიპები და მათი გავრცელების რაიონები“ (1947; რუს. ენაზე). წიგნში რელიეფის ფორმები და კომპლექსები გაშუქებულია გენეზისური პრინციპის საფუძველზე.

გეომორფოლ. კვლევა საგრძნობლად გაფართოვდა 1953-იდან, მას შემდეგ, რაც საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში შეიქმნა გ-ის (1980-იდან გეომორფ. და პალეოგეოგრაფიის) განყ-ბა. გეომორფოლ. გამოკვლევები აგრეთვე ტარდება თსუ-ში და საქართვ. სხვადასხვა უნ-ტებში. ქართვ. მეცნიერთა შრომები იბეჭდება სამეცნ. ჟურნალებში (მ. შ. ჟურნ. „Геоморфология“-ში) ან გამოდის ცალკე წიგნებად. საქართვ. ტერიტ. რელიეფის კომპლ. შესწავლაში მონაწილეობდნენ ლ. მარუაშვილი, დ. წერეთელი, ნ. ასტახოვი, ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი) და სხვ. მოპოვებული მასალები შეჯამებულია კოლექტ. მონოგრაფიაში – „საქართველოს გეომორფოლოგია“ (1971). მონოგრაფიაში რეგიონულ პრობლემებთან ერთად გაშუქებულია ზოგადმორფოლ. საკითხები: რელიეფწარმომქმნელი ფაქტორები, რელიეფის ტიპებისა და ფორმების გენეზისი, სტრუქტურა და ნეოტექტონიკა, გეომორფოლ. დარაიონება. საქართვ. რელიეფის დახასიათებას ვხვდებით აგრეთვე ლ. მარუაშვილის სახელმძღვანელოებში: „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1964, 1969–70) და სამ ნაწილად გამოცემულ „კავკასიის ფიზიკურ გეოგრაფიაში“ (1975, 1982). რელიეფის საფუძვლიანი შესწავლით შესაძლებელი შეიქნა საქართვ. გეომორფოლ. დარაიონების სქემების შედგენა. გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი შრომები კავკასიონის მეოთხეული გამყინვარების შესახებ (ლ. მარუაშვილი, დ. წერეთელი, რ. ხაზარაძე). საყურადღებოა კავკასიაში გამყინვარების პერიოდის პალეოგეოგრაფიის შესახებ არსებულ წარმოდგენათა კრიტიკა (ლ. მარუაშვილი). საქართვ. პლეისტოცენი დეტალურად შეისწავლა დ. წერეთელმა. ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა ზღვიური და მდინარეული ტერასების შესწავლა რაოდენობის, მორფომეტრიული მონაცემების, ტიპოლოგიის, გენეზისის, ასაკის და კორელაციის საკითხების დასადგენად (დ. წერეთელი, გ. დევდარიანი, ს. ნემანიშვილი). ქართვ. გეომორფოლოგები იკვლევდნენ პრაქტ. მნიშვნელობის საკითხებსაც – თანამედროვე გეომორფოლ. პროცესებს (გ. ჩანგაშვილი, ე. და ჯ. წერეთლები). მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პალეოგეოგრ. საკითხების შესწავლისათვის (ლ. მარუაშვილი, ჭ. ჯანელიძე). გამოიცა ლ. მარუაშვილის ვრცელი პალეოგეოგრ. ლექსიკონი (1985; რუს. ენაზე). გამოქვეყნდა შრომები ნეოტექტონ. მოვლენების მონაწილეობაზე საქართვ. ცალკეული რეგიონების მორფოსტრუქტურების ჩამოყალიბებაში (ლ. კოღოშვილი, ნ. ასტახოვი). უკანასკნელ წლებში დიდი მუშაობა ტარდებოდა შავი ზღვის ნაპირების დასაცავად (საქართვ. ფარგლებში) ზღვის დამანგრეველი ზემოქმედებისაგან (ვ. ზენკოვიჩი, ა. კიკნაძე, თ. მელაძე, ვ. საყვარელიძე, შ. ჯაოშვილი, ჭ. ჯანელიძე და სხვ.). წარმატებებია მოპოვებული კარსტთმცოდნეობაში, განსაკუთრებით კი – მღვიმეთმცოდნეობაში, რაც განაპირობა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში სპელეოლოგიის ლაბორატორიის შექმნამ. შესაძლებელი გახდა უცნობი მღვიმეების, კარსტული უფსკრულებისა და რთული მიწისქვეშა ჰიდროგრ. ქსლის გამოვლინება და კომპლ. შესწავლა. გამოიცა მონოგრაფია საქართვ. მღვიმეების შესახებ (ზ. ტინტილოზოვი). გამოქვეყნდა ორიგინ. სახელმძღვანელო „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (ლ. მარუაშვილი, 1973). მღვიმეების შესწავლაში წვლილი მიუძღვით აგრეთვე შ. ყიფიანს, თ. კიკნაძეს და სხვ. (იხ. აგრეთვე სტ. პპსპელეოლოგია).

ლიტ.: ჯავახიშვილი ა., საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1 – გეომორფოლოგია (ატლასით), ტფ., 1926; მისივე, Геоморфологические районы Грузинской ССР. Типы рельефа и районы их распространения. М. –Л., 1947; Геоморфология Грузии, Тб., 1971; Щукин И. С., Общая геоморфология, 2 изд., т. 1–3, М., 1960–74.

გ. დევდარიანი