გეორგი იოჰან გოტლიბ

გეორგი (Georgi) იოჰან გოტლიბ (1738, კოლბერგი, პომერანია, – 13. XI. 1802, სანქტ-პეტერბურგი), გერმანელი ქიმიკოსი, პროფესორი.

1769 საცხოვრებლად გადავიდა პეტერბურგში. მონაწილეობდა პ. ს. პალასის (1741–1811) ხელმძღვანელობით მოწყობილ რუს. აკად. ექსპედიციებში ციმბირსა და სხვა კუთხეებში. 1776 სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა წიგნი „რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ყველა ეროვნების აღწერა...“, სადაც რატომღაც მოყვანილია ცნობები ქართველების შესახებაც: მათი განსახლების არეალი, გეოგრ. გარემო, არის ცნობები მეურნეობის, ქართველთა სოციალური ყოფის. რელიგიის შესახებ.

ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მუსლ. გარემოცვაში ცხოვრების მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეს ქრისტიანობა, ენა, ყოფის თავისებურებანი. ნაშრომი ძირითადად კომპილაციური ხასიათისაა.

თხზ.: Beschreibung aller Nationen des Russichen Reichs, ihrer Lebensart, Religion, Gebräuche, St.-Petersburg, 1776.

დ. კანდელაკი