„გეორგიკა“

„გეორგიკა“ („ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ“), ბიზანტიურ წყაროებში საქართველოს შესახებ შემონახული მონაცემების კრებული 8 ტომად, გამოქვეყნდა 1934–70. ტექსტები (ბერძნ.-ლათ. დედანი) ქართ. თარგმანითურთ და ისტ.-ფილოლ. კომენტარით გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა (პირველი ტომის თანაავტორია ა. გამყრელიძე), „გ.“ განსხვავდება სხვა ამ ტიპის გამოცემებისაგან იმით, რომ მასში შეტანილია არა მხოლოდ ტექსტიდან ამოღებული ცნობები, რ-ებიც უშუალოდ საქართველოს შეეხება, არამედ ვრცელი პასაჟები, ზოგჯერ მთელი თავები; ეს საქართველოს შესახებ ცნობებს უფრო გასაგებს ხდის და მათი ფართო ფონზე გააზრების საშუალებას იძლევა. ამდენად „გ.“ არსებითად მოიცავს ბიზანტიურ წყაროთა ცნობებს მთელი სამხრ. კავკასიის შესახებ. „გ-ში“ შეტანილია არა მარტო ლიტ. წყაროები, არამედ დოკუმენტებიც (საეკლესიო კრებების აქტები, ბიზანტიის იმპერიის აღმ. და სამხ. ოლქებად დაყოფის ნუსხები, საეკლ. კათედრათა სიები, ათონის მონასტრის აქტები და სხვ.). ტექსტებისადმი დართული კომენტარი ცნობების დაწვრილებით ინტერპრეტაციას იძლევა და ხშირად დამოუკიდებელ გამოკვლევას წარმოადგენს. „გ-ის“ I ტომი შეიცავს IV–V სს. წყაროებს, II და III ტომები – VI ს. ავტორთა თხზულებებს, IV ტ. (ორ ნაკვეთად) – VII–X სს. წყაროთა ცნობებს, V ტ. – X ს., VI ტ. – XI–XII სს., VII ტ. – XII–XIV სს., VIII ტ. – XII–XV სს. წყაროების მონაცემებს. ამრიგად, „გ-ის“ მეშვეობით საქართვ. ისტორიის მკვლევრებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ მთელი ბიზანტიური ლიტ-რის და დოკუმენტური მასალის მონაცემები საქართველოს შესახებ მაღალკვალიფიციურ ქართულ თარგმანში, საჭიროების შემთხვევაში შეამოწმონ და დააზუსტონ ცნობები ბერძნ. ან ლათ. დედანში. „გ-ში“ წარმოდგენილია 79 წყაროს ნაწყვეტები, ამას გარდა ზოგ ტომში „დამატების“ სახით შეტანილია მნიშვნელოვანი წყაროები, მაგ., პეტრე იბერის ბიოგრაფია, შედგენილი იოანე რუფუსის მიერ, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის კვალი ძვ. ქართ. მწერლობაში, მასალები გრიგოლ ბაკურიანისძის საგვარეულოს მოღვაწეობის ისტორიიდან. რამდენადაც ბიზანტ. წყაროებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პოლიტ., სოც.-ეკონ. და კულტ. ისტორიის შესასწავლად, ამ წყაროთა ისეთი კრებული, როგორიცაა „გ.“, პირველხარისხოვანი დამხმარე საშუალებაა ისტორიკოსებისათვის.

ნ. ლომოური