გეოფიზიკის ინსტიტუტი

გეოფიზიკის ინსტიტუტი მ. ნოდიას სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

დაარსდა 1933 სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალის საქართვ. განყ-ბის სისტემაში. 1935-იდან, ამიერკავკ. ფილიალის რეორგანიზაციის შემდეგ, შედიოდა სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალში; 1941 შევიდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში (1941–50 გეოფიზ. კვლევები მიმდინარეობდა გაერთ. ფიზ. და გეოფიზ. ინ-ტში), 1992 მიენიჭა მ. ნოდიას სახელი, ხოლო 2010 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ინ-ტში შედიოდა რეგიონული სეისმოლოგიის, მიწისძვრების ფიზიკის, პროგნოზისა და ქანების ფიზ. გრავიტაციული მოდელირების, დედამიწის სიღრმული აგებულებისა და ძიების გეოფიზ. მეთოდების, სეისმოძიების, გეოდინამიკის, ატმ.ფიზ., ატმ. აეროზოლების ფიზიკურ-კოსმ. სხივების, გეომაგნეტიზმის, იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროს ფიზ.,ზღვის დინამ., გამოთვლითი გეოფიზ., სამეცნ. ტექნ. ინფორმაციისა და საპატენტო საქმის (მას ექვემდებარება სამეცნ. ბ-კა – 65 ათ-მდე ერთეული) განყ-ბები და დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია. ინ-ტში იყო საცდელ-მეთოდური გეოფიზ. ექსპედიცია, რ-შიც შედიოდა სეისმოლოგიური და გეოფიზ. პარტიები თავისი უბნებით, ასევე დიდი სამეცნ. ბაზები: ცენტრ. სეისმური ობსერვ. „თბილისი“ და რესპ. სეისმური სადგურების ქსელი, ენგურჰესის კასკადის გეოდინამ. და გამოყენებითი სეისმოლოგიის, პოლიგონები, ალაზნის სეტყვის საწინააღმდეგო ექსპერ. პოლიგონი და კოსმ. სხივების თბილისის კომპლექსი. გ. ი. შეისწავლის დედამიწის ფიზიკას (გეომაგნეტიზმი, კავკასიის სეისმური პირობები, მიწისძვრის პროგნოზი, დედამიწის ქერქისა და ზედა მანტიის აგებულება და ფიზ. თვისებები, დედამიწის ელექტრული ველი, საქართვ. ტერიტ. ქანებისა და წყლების რადიოაქტიურობა, კავკ. გრავიტაციული ველი, დედამიწის დრეკადი მიმოქცევები და არადრეკადი დეფორმაციები, ქანების ფიზიკა, ძიების გეოფიზ. მეთოდების დამუშავება-სრულყოფა და სხვ.), ატმოსფეროს ფიზიკას (ღრუბლებისა და ნალექების ფიზიკა, სეტყვასაშიშ ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედების მეთოდების სრულყოფა, ატმოსფეროს მიწისპირა ფენის გაჭუჭყიანება, ოზონის განაწილება ატმოსფეროში და სხვ.), იონოსფეროს ფიზიკასა და კოსმოფიზიკას (კოსმ. სხივების ინტენსივობის ვარიაციები და სხვ.). 2007 საქართვ. კოსმოსური სააგენტოს ბაზაზე, გეოფიზიკის ისტიტუტში ჩამოყალიბდა კოსმოსური კვლევის ცენტრი. ამავე წლიდან ინ-ტის სტრუქტურაში შევიდა 7 სამეცნიერო სექტორი (გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის, სეისმოლოგიისა და კატასტროფების რისკის, გეოფიზიკური ველების დინამიკის და გამოთვლითი გეოფოზიკის, დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის, ჰიდროგეოფიზიკის და გეოთერმიის, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია, ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების) და 1 სამეცნიერო ცენტრი – კოსმოსური კვლევის ცენტრი. ინსტიტუტში დაარსების დღიდან მომზადდა და გამოიცა: „თბილისის გეოფიზიკური ინსტიტუტის შრომები“ (1936–41, ტ. 1–6), „ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის შრომები“ (1942–49, ტ. 7–11), „გეოფიზიკის ინსტიტუტის შრომები“(1953-იდან). 2004 ინ-ტში დაარსდა და უკვე დაიბეჭდა პერიოდული ინგლისურენოვანი ჟურნალის „საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოება“– 22 ტომი. ინსტიტუტში ფუნქციონირებს სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო. გეოფიზიკის ინსტიტუტს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებთან. გეოფიზიკის დარგში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისათვის, ინ-ტში დაწესებულია აკად. მ. ალექსიძის პრემია და ახალგაზრდული პრემია. 1993 წლიდან ინ-ტის თანამშრომლები მონაწილეობენ მრავალ საერთაშორისო (INTAS, NATO, INCO-COPERNICUS,ISTC, IAEA, ISTU) ეროვნულ საგრანტო პროექტებში. ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, პ. ნიკიფოროვი (ინ-ტის პირველი დირექტორი), მ. ნოდია, ა. ბალაბუევი, ე. ბიუსი, ა. ბუხნიკაშვილი, გ. თვალთვაძე, ა. ცხაკაია, მ. ალექსიძე და სხვ.

ლიტ.: Институт геофизики – 50. Тб., 1983; Сборник Трудов посвященный 75 летию дня основания института геофизики, Тб., 2008.

ბ. ბალავაძე