გუდაური

 

 

საქართველოს სამხედრო გზა სადგური გუდაური (XX ს. დასაწყისი).

გუდაური, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, ჯვრის უღელტეხილის სამხრ-ით, საქართვ. სამხ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., განისი, ერეთო, საყურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე). ზ. დ. 2200 მ, სტეფანწმინდიდან 33 კმ. 8 მცხ. (2002). დასახლება გაჩნდა XIX ს. 60-იან წლებში. 1887 გაიხსნა მეტეოროლ. სადგური. გ. ახ. სამთო-სათხილამურო ცენტრია ცენტრალურ კავკასიონზე. მისი კლიმატი ძალზე ხელსაყრელია აქტ. დასვენებისა და სპორტისათვის. მყარი თოვლის საფარი ექვსი თვეა წელიწადში. თოვლის საშ. სიმაღლე სათხილამურო ფერდობებზე 190 სმ აღწევს. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში, ძლიერი ქარები იშვიათია. 1981–82 გ-ში დამკვიდრდა თბილ. სამთო-სათხილამურო სკოლა. აშენდა რამდენიმე ბაგირგზა. 1985 გ-ის სპორტ. ტრასებმა საერთაშ. სათხილამურო ფედერაციის სერტიფიკატი მიიღო. ამავე წელს გ-ში პირველად ჩატარდა საერთაშ. სამთო-სათხილამურო შეჯიბრი „გუდაურის გაზაფხული". 1989 მარტში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპი. გ-ში დღეისათვის ფუნქციონირებს რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო (მ. შ. „გუდაური"), რ-ებიც წლის მანძილზე იღებენ ქართველ და უცხოელ ტურისტებს. მიმდინარეობს საცხოვრ. და სპორტ. ინფრასტრუქტურის განვითარება, ყოველწლიურად ტარდება სპორტ. ტურნირები.

მ. ბალიაური

ვ. მიქელაძე