გერმანე მღვდელმონაზონი

გერმანე მღვდელმონაზონი. პირველი საღვთისმეტყველო სახელმძღვანელო 1711

გერმანე მღვდელმონაზონი (გ. 1739), საეკლესიო მწერალი, თბილისის სიონის ეკლესიის მსახური. ვახტანგ VI-ის თანამშრომელი კულტ.-მწიგნობრულ საქმიანობაში.

1710 მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „კონდაკი“ (საეკლ. საგალობლები), 1711 მხედრული შრიფტით დაიბეჭდა გ. მ-ის წიგნი „სწავლა“ – ღვთისმეტყველების პირველი ქართ. სახელმძღვანელო. ნაშრომი დაწერილია მარტივი, გასაგები ენით („საერო და სოფლური ენით“), იგი XIX ს-მდე გამოიყენებოდა და ხელნაწერების სახითაც მრავლდებოდა.

გ. მ-მა დიდი შრომა გასწია ქართული წერილობითი ძეგლების შეკრებისა და დაცვისათვის. მან მოიძია და განაახლა ვარძიის ხელნაწერი (მათეს თავის თარგმანება იოანე ოქროპირისა, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, A–365).

1724 გ. მ. ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, სადაც განაგრძობდა სასტამბო-მწიგნობრულ მოღვაწეობას. მისი რედაქტორობით 1738 მოსკოვში დაიბეჭდა „ზატიკი“.

თხზ.: სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა, ტფ., 1711.

ლიტ.: შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709–1722), თბ., 1955.

ბ. ლომინაძე