ბოკუჩავა თამარ თენგიზის ასული (9. VII. 1963, თბილისი, _ 13. I. 2019, იქვე), თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
1986 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი, 1989 - თსუ-ის ასპირანტურა ესთეტიკის სპეციალობით. 2001–03 გაიარა ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი აშშ-ის ქ. ითაკის კოლეჯის დრამის დეპარტამენტში. 1990-დან იყო რუსთაველის თეატრის სალიტ. ნაწილის რედაქტორი, 2004–06 - ამავე თეატრის საზ-ბასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 1991-დან - თეატრ. ინ-ტის პედაგოგი და თეატრისა და კინოს სამეცნ. ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, 2006-დან თეატრ. უნ-ტის ასოცირებული, შემდეგ კი სრული პროფესორი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. იყო ასევე უნ-ტის სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2006 დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,მითოსი და ქართული თეატრი“. გამოქვეყნებული აქვს 90-მდე საგაზეთო თუ საჟურნალო სტატია, რეცენზია თუ კვლევა, მ. შ. აღსანიშნავია: ,,რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში“, ,,მითოლოგიზმისათვის ალექსანდრე ახმეტელის თეორიულ თვალსაზრისში“, „დრამატული მითის საფუძვლები წერილში „ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის მიერ კაზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა“; ,,ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე, ასე წყნარი...” (ს. ბეკეტის გოდოს მოლოდინის შესახებ), ,,მე იგივე ვარ მარად და მარად არ ვსდევ ჟამთასვლას...“ (ვარიაციები რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე – „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”), ,,მამუკა დოლიძის ,,მდგმურები" მეტეხის თეატრში” და სხვ.
იყო არაერთი წიგნის რეცენზენტი და რედაქტორი, მისი თანაავტორობით გამოიცა მსოფლიო თეატრის ისტორიის სერია – „უძველესი და ანტიკური თეატრი“, „V – XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი“ (2018).
მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში: OISTAT-ის (სცენოგრაფებისა და თეატრის არქიტექტორთა, ტექნიკოსთა და თეორეტიკოსთა საერთაშ. ორგანიზაცია; 2012, ჰოლანდია); იმავე ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესზე იყო საქართვ. დელეგატი (2013, გაერთიანებული სამეფო); პრაღის საერთაშ. კვადრიენალეს ქართ. სცენოგრაფიის კონცეფციის ავტორი (2015), ამავე კვადრიენალეს ქართ. პავილიონის თანაავტორი და თანაკურატორი (2019-იდან გარდაცვალებამდე); თბილ. სცენოგრაფიის III საერთაშ. ბიენალეს ფორუმის მოდერატორი (2018) და სხვ. სხვადასხვა წლებში იყო არაერთი კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი.
მიღებული აქვს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიები წლის საუკეთესო რეცენზიისთვის (1987, 1997, 2002) და ვ. გუნიას სახ. პრემია (2019) საუკეთესო პუბლიკაციისათვის.