გელაშვილი კლარა დიმიტრის ასული

     

გელაშვილი კლარა დიმიტრის ასული

გელაშვილი კლარა დიმიტრის ასული (დ. 21. I. 1931, ბორჯომი - 15. VI.2022, თბილისი), რადიოლოგი, რადიაციული ჰიგიენისტი, საქართველოში მეცნიერული და პრაქტიკული რადიაციული ჰიგიენის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი ( 1972). საქართვ. პროფილაქტიკური მედიცინის მეცნ. აკადემიის პრეზიდენტი ( 2003), საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1997).

1954 დაამთავრა თსსი. 1955–70 მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინ-ტის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, იყო უფრ. ლაბორანტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი. 1970-81  იყო თსსი-ის ზოგადი ჰიგიენის  კათედრის პროფესორი. 1981-86 იყო კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის  კათედრის პროფესორი, 1986–2001 - კათედრის გამგე; 2002–2006 ‒ თსსუ-ის გარემოს ჰიგიენისა და პროფ.დაავადებათა კათედრის პროფესორი. 1995–2007 ხელმძღვანელობდა თავისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ თსსუ-ის პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალობების ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების და დახელოვნების კურსებს, იყო პროფილაქტიკური მედიცინის დარგში სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავ.-რე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა სახელმწ. სერტიფიცირების კომისიის თავ-რე ჰიგიენის სპეციალობებში ( 2000–2003).

გ. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ.შ. 6 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, პირველი ეროვნული ,,რადიაციული უსაფრთხოების“ ნორმატიული დოკუმენტის (რუნ 2000 ) და 1 გამოგონების ავტორი. მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო  მაიონებელი გამოსხივების მცირე დოზების ბიოლოგიური მოქმედება და მავნე შედეგებისგან მოსახლეობისა და პროფესიონალთა დაცვის ღონისძიებების შემუშავება

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1999). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია დიდი ოქროს მედლით (2000). არის ამერიკის ბიოგრაფიული ინ-ტის ( American Biographical Institute), პროფესიონალ ქალთა მრჩეველთა საბჭოს (Professional Womens Advisory Board) საპატიო წევრი. მისი ბიოგრაფია შეტანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინ-ტის გამოცემაში „21-ე საუკუნის წარმატებული ქალი“ ( 2005).

თხზ.: რადიაციული ჰიგიენის პრაქტიკული საკითხები თბ., 1974. ,,რადიაციული ჰიგიენა“, (სახელმძღვანელო), თბ., 1976, 1983, 2007, 2014.  

ს. ბაქრაძე