ალიბეგლოს ქართული სახალხო თეატრი ი. ჭავჭავაძის სახელობისა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ერთადერთი ქართული თეატრი.
გაიხსნა 1981 საინგილოს სოფ. ალიბეგლოში (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკა). სოფლის ახალგაზრდობის მოთხოვნით და პოეტ ი. ორჯონიკიძის ინიციატივით, საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტმა სოფელში მიავლინა სტუდენტები მ. კვირკველია და მ. მჭედლიშვილი, რ-ებმაც დადგეს საკურსო სპექტაკლები (რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“). ამ სპექტაკლებში მონაწილე სცენისმოყვარეთა ძალებით 1981 ალიბეგლოს კულტ. სახლთან ჩამოყალიბდა დრამწრე ა. დოლენჯაშვილის ხელმძღვანელობით. 1985 აზერბ. რესპ. კულტ. სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით დრამწრეს მიენიჭა სახ. თეატრის სტატუსი. ამავე წელს თეატრ. ინ-ტის სტუდენტებმა დ. მაცხონაშვილმა და პ. ცუცქირიძემ ალიბეგლოელთა ძალებით მოამზადეს თოჯინების სპექტაკლი - ვ. რაბადანის „ოხერტიალა“.
1987 თეატრს მიენიჭა ი. ჭავჭავაძის სახელი, ამავე წელს თეატრი გახდა მშრომელთა თვითმოქმედი დრამ. ხელოვნ. II საკავშ. ფესტივალის ლაურეატი.
1988 თეატრის რეპერტუარში იყო: რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, ლ. ასათიანის „ბასიანის ბრძოლა“ (ლიტ.-ქორეოგრაფიული კომპოზიცია), კომპოზიცია აზერბ. ხალხ. ლექსებზე - „აზერბაიჯანული ბაიათები ანუ სავიზიტო ბარათი“, ა. გეწაძის „შუაზე გაყოფილი ცრემლი“, „წმინდანები ჯოჯოხეთში“, დ. აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ (მეორე სახელწ. – „ბერბიჭები“, ქართ. ენის ინგილოურ დიალექტზე და აზერბ. ენაზე), ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა“; ლიტ. თეატრი: „ჰიმნი სიცოცხლეს“. ქართვ. პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების მიხედვით, საკონცერტო პროგრამა - „ქართული სიმღერის საღამო“, პოეზიის საღამოები - „ადგილობრივი სახალხო მთქმელები“, „ინგილო სახალხო მთქმელები“, „ჩვენ ხუთი წლის ვართ“ (დიალოგი მაყურებელთან), ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე“ და სხვ. 1987 თეატრის ინიციატივით სოფლის სტადიონზე მოეწყო სახ. დღესასწაული - „ილიაობა“ (მიეძღვნა ი. ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავს, ტარდება ყოველწლიურად ოქტ. პირველ ნახევარში). 1988 დაიდგა ახ. სპექტაკლები: ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ და საინგილოს ისტ. ამსახველი მონტაჟი „ალაზანს აქეთ“ (წარსული და თანამედროვეობა; სცენარის ავტორი და რეჟისორი ა. დოლენჯაშვილი);1990 - ლიტ.-მუს. კომპოზიცია „აპრილი მოსულა“ (ავტორი და რეჟისორი ა. დოლენჯაშვილი), რ. ტომას „მახე“; 1992 – რ. გაბრიაძის „უცხო ჩიტი“, რ. ერისთავის „ეჭვიანი“, ა. ჩეხოვის „ხელის თხოვნა“, სცენები ბ. ბრეხტის პიესიდან „შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა“ (ლ. ბრეგაძის თარგმანი). ამავე წელს თეატრი გასტროლებზე იყო სამაჩაბლოს სოფლებში (ზემო და ქვემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ერედვი).
დღიდან დაარსებისა თეატრთან არსებობს ბავშვთა დრამ. სტუდია სოფ. ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახ. ქართ. საშ. სკოლის მოსწავლეთათვის.
ა. ქ. ს. თ-ს შეფობენ საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი და საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლი (ხელმძღვ. ჯ. ჭკუასელი), საქართვ. რესპ. კულტ. სამინისტრო და საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი.
ა. დოლენჯაშვილი